დავით მათიკაშვილი - 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში, ამ ფაქტს ხაზი გაუსვა ეუთო/ოდირმა
დავით მათიკაშვილი - 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში, ამ ფაქტს ხაზი გაუსვა ეუთო/ოდირმა

მმართველი გუნდის წარმომადგენლის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს არჩევნები დემოკრატიულ, მშვიდობიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

მისივე თქმით, ხვალ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან იგეგმება შეხვედრა, რა დროსაც მმართველი გუნდი მათ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გააცნობს.

„ეუთო/ოდირი იყო ის ორგანიზაცია, რომელმაც ხაზი გაუსვა ამ ფაქტს, მიუხედავად ცალკეული გამოწვევებისა, რომელსაც არჩევნების შედეგზე რადიკალური გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ხვალ იგეგემება შეხვედრა ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან, სადაც მოხდება შესაბამისი აზრის გაცვლა. მართველი გუნდი მას მიაწვდის საკუთარ პოზიციას არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მოისმენს რჩევებს. ჩვენ ძალიან აქტიური კავშირი გვაქვს ეუთო/ოდირთან.

ეს მხოლოდ ამ არჩევნებით არ შემოიფარგლება, უკვე ბევრი წელიწადია, ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ და ვითვალისწინებთ იმ გაუმჯობესებულ კანონმდებლობაში სწორედ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და რჩევებს. ასევე, მათი რჩევაა, ის კონკრეტული გამოწვევები, რომლებიც პირველმა ტურმა აჩვენა, გავითვალისწინოთ, კიდევ უფრო დავხვეწოთ კანონმდებლობა მეათე მოწვევის პარლამენტში. იმისთვის, რომ ეს მოხერხდეს,  იყოს საჯაროობის უფრო მაღალი ხარისხით, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ოპოზიცია მოიქცეს კონსტრუქციულად, არ გადაზარდოს მოვლენები დესტრუქციაში, მით უმეტეს, რომ ჯერჯერობით საარჩევნო პროცესის ეს ფაზა დასრულებულიც არ არის, ხდება კონკრეტული საჩივრების განხილვა. ისინი რეალურად დაკავებული უნდა იყვენენ არა დესტრუქციით და პირდაპირ გაპროტესტებით, არამედ მათთვის კანონით მინიჭებული ყველა არგუმენტი უნდა გამოიყენონ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.