დავით მათიკაშვილი - 2020 წელს საქართველოში არჩევნები დემოკრატიული სისტემით ჩატარდება 
დავით მათიკაშვილი - 2020 წელს საქართველოში არჩევნები დემოკრატიული სისტემით ჩატარდება 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, თავად იმ ადამიანებს შორისაა, ვინც 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას მხარს უჭერდა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მმართველი გუნდის სურვილის მიუხედავად, 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა.

ამასთან, მათიკაშვილის აზრით, მოცემულ ვითარებაში აღარ არსებობს რესურსი, ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2020 წლისთვის გადავიდეს.

„უმრავლესობის უმრავლესობა იყო სრულიად მოწადინებული იმისთვის, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიეღო. კარგად მოგეხსენებათ უმრავლესობის განწყობა, თუ როგორ ჩატარდა საკონსტიტუციო განხილვები. პოლიტიკა ცოცხალი პროცესია, პოლიტიკაში შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება ხდება. პირადად მე ვისურვებდი, რომ 2020 წლისთვის ქვეყანა ერთიან პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო, თუმცა ახლა უკვე ამის რესურსი არ არსებობს. ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ იმაში, რომ კიდევ ერთხელ ჩატარდეს საკონსტიტუციო რეფორმა“ ,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა და აქვე დასძინა, რომ შერეული საარჩევნო სისტემა აბსოლუტურად დემოკრატიულია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წესი შეცვალა და პირიქით, მაჟორიტარები დაამატა. 25 მაჟორიტარი იყო დამატებული 2010 წელს განხორციელებული რეფიორმის შედეგად. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უახლესი ისტორია, „ქართული ოცნება“ როგორ ასრულებს დაპირებებს დემოკრატიული წინსვლისთვის, ხოლო იმ ძალამ, რომელიც პრეტენზიებს გვიყენებს, კონსტიტუცია საკუთარ პარტიაზე მოირგო. 2020 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიული სისტემით. შერეული სისტემა სრულიად დემოკრატიული და თავსებადია იმ მიზნებთან და ამოცანებთან, რაც დემოკრატიულ საზოგადოებას გააჩნია, ხოლო კონსტიტუციაში სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული რეფორმის შედეგად პირდაპირ განისაზღვრა, რომ 2024 წელს ჩატარდება ერთიანი პროპორციული არჩევნები. ეს ვერ შეძლო, უფრო მეტიც, არ შეძლო მანამდე არც ერთმა ხელისუფლებამ, რადგან საკუთარ პარტიულ ინტერესებზე უარი არ თქვა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

რაც შეეხება დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, რომ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირების შემდეგ, კანონპროექტის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვების მიზნით გააგრძელებენ მუშაობას, მათიკაშვილი ამბობს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში პარლამენტის წევრებს გააჩნიათ შესაბამისი ინიციატივის უფლება.

„ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. პარლამენტის წევრებს გააჩნიათ შესაბამისი ინიციატივის უფლება. ერთია, რა ინიციატივის უფლება გააჩნიათ კონკრეტულ დეპუტატებს და დეპუტატების ჯგუფს, მეორეა, უმრავლესობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს“ ,- აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი თემის კომენტირებისას გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პარლამენტის პიკეტირების საკითხსაც.

„პასუხი არის ერთი. 2020 წელს ჩატარდება არჩევნები, სადაც გამოჩნდება, რეალურად რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს ქართული საზოგადოება. დამერწმუნეთ, რომ გამარჯვება კვლავ იქნება იმ ძალის მხარეს, რომელმაც დემოკრატიული პროცესების განვითარება უზრუნველყო“ ,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ამასთან, დავით მათიკაშვილს მედიის წარმომადგენლებმა დეპუტატ აკაკი ზოიძესთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა – წავა თუ არა ის გუნდიდან. მათიკაშვილი ამბობს, რომ „გუნდიდან არავინ მიდის, გუნდი ერთიანია“.

დატოვე კომენტარი