დავით მაღრაძე - სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად მოსახლეობა გაიყვანს და ის ანგარიშვალდებული საკუთარი მშობელი ხალხის წინაშე იქნება
დავით მაღრაძე - სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად მოსახლეობა გაიყვანს და ის ანგარიშვალდებული საკუთარი მშობელი ხალხის წინაშე იქნება

პოეტი დავით მაღრაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გაუხარდა, რადგან შედეგებში მოსახლეობის ღირსების ხმა გაისმა.

დავით მაღრაძემ საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ რუსთაველის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე – „მე ვიცავ თავისუფლებას“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მოქმედებაზე ხალხის ექო გაისმა.

„მე თვითონ ეს შედეგები გამიხარდა, შედეგებში მოსახლეობის ღირსების ხმა გაისმა. ხალხი გულგატეხილია და არჩევნებზე არ მოვიდა. ისე არ არის, როგორც მმართველ პარტიაში ჩათვალეს. ბევრი მათგანი ვინც გარეთაა, ამ ხალმა თავისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად საქართველოში მანიაკალური, პატივმოყვარული ხელისუფლების პარპაში აღკვეთა. მაშინ ივანიშვილმა მხარი ჩვენს მოძრაობას დაუჭირა. ჩვენთვის ბრძოლა ივანიშვილს არ უსწავლებია, ბრძოლა ჩვენმა ღირსებამ გვასწავლა, ქრონოლოგიას გავყვეთ და მიხვდებით. ეს არ იყო ერთი კაცის გარშემო გაერთიანება, ეს იყო მოსახლეობის ხმა, პროტესტი ძალადობისა და უმსგავსობის მიმართ, რასაც ივანიშვილი შემოუერთდა. ამ ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და ჩვენს გულისთქმას შემოუერთდეს, როგორც ერთ დროს ივანიშვილი შემოუერთდა. კეთილი ინებეთ და საქმე გააკეთეთ, ჩვენს გულისთქმას შემოუერთდით. მხარდამჭერებს ჩვენში კი ნუ ეძებთ, ჩვენი მხარდამჭერები თქვენ უნდა გახდეთ. როცა მოსახლეობა დაინახავს, რომ მოსახლეობის მხარდამჭერი გახდით, როგორც 2012 წელს, ხალხი ზუსტად ისე გამოვა და ეს დიდი შეთანხმება იქნება ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის. ეს გასაკეთებელი მათ აქვთ, ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ“, – აღნიშნა მაღრაძემ.

დავით მაღრაძემ გამოსვლისას დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი გაპრეზიდენტების შემდეგ არსებულ ხელისუფლებასთან ვალში არ იქნება.

„ამ არჩევნებზე კარგი კიდევ ერთი რამის გამო მოხდა. გაპრეზიდენტების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი არსებულ ხელისუფლებასთან ვალში არ იქნება. ზურაბიშვილს მოსახლეობა გაიყვანს და ის ანგარიშვალდებული ერთადერთი, საკუთარი მშობელი ხალხის წინაშე იქნება. ეს იქნება სათავე იმისა, რომ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი ძალიან მაღალი იქნება. ეს იქნება ჩვენი საზოგადოების მონაპოვარი და მიღწევა. დღეს საჭიროა, ჩვენი თავისუფლება დავიცვათ რუსეთის აგრესიისგან, რომელიც სააშკარაოზე თავისი ოფიციალური თანამშრომლებით გამოვიდა“, – დასძინა მაღრაძემ.