დავით მაჭავარიანი - სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, ყველანაირად ვცდილობდი, ხალხი გამეშველებინა და კონფლიქტი დამერეგულირებინა
დავით მაჭავარიანი - სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, ყველანაირად ვცდილობდი, ხალხი გამეშველებინა და კონფლიქტი დამერეგულირებინა

სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, ყველანაირად ვცდილობდი, ხალხი გამეშველებინა და კონფლიქტი დამერეგულირებინა, – ამის შესახებ ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის მონაწილემ, დედაქალაქის საკრებულოს თანამშრომელმა დავით მაჭავარიანმა განაცხადა.

„თავდასხმაში არ ვმონაწილეობდი. ეს სიცრუეა. თავის მართლებას არ ვაპირებ. თავი იქით მეორე მხარეს აქვს სამართლებელი. ჩემთვის არც 700-ლარიანი გირაო დაუკისრებიათ, დაჯარიმებულიც კი არ ვარ. ქუთაისის აეროპორტში ვიყავი და ამ ადამიანებს ვაშველებდი. კონფლიქტი ჩემს მეგობრებსა და თაკო ჩარკვიანის თანმხლებ პირებს შორის იყო. კონფლიქტს თავიდან არ შევსწრებივარ და არ ვიცი, რას უკავშირდებოდა. კონფლიქტის დაწყების მომენტში არ ვიყავი იმ ადგილას. სხვა რამით ვიყავი დაკავებული, სამარშრუტო ტაქსის მძღოლთან თბილისში წამოსვლის ამბავზე ვთანხმდებოდი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ მოხდა მისი დაკავება, თუ კონფლიქტში არ მონაწილეობდა, დავით მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ედავებოდნენ ფაქტს, თითქოს იქ მყოფებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. პირიქით, ყველანაირად ვცდილობდი, კონფლიქტი დამერეგულირებინა, ეს ხალხი დამემშვიდებინა და გამეშველებინა. ჩემს მეგობრებს ჯარიმა დაეკისრათ. რამდენადაც ვიცი, კონფლიქტის დამწყებებად ჯერ არავინ დასახელებულა. მით უმეტეს, ჩემი მეგობრები. მხოლოდ 700-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ, ისევ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ან თუ არ ვცდები, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. მეორე მხარე თუ დაჯარიმდა, არ ვიცი. მგონი, დაიკითხნენ. შესაძლოა, ადმინისტრაციული წესითაც არიან დაჯარიმებულები“, – განაცხადა დავით მაჭავარიანმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანს, მის მეუღლეს ჯონი გიგანსა და რამდენიმე პირს შორის ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.

დატოვე კომენტარი