დავით ლიკლიკაძე - მინდა, მართალი იყოს ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ კორონავირუსი არ არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობს
დავით ლიკლიკაძე - მინდა, მართალი იყოს ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ კორონავირუსი არ არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობს

მინდა, მართალი იყოს ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ კორონა არ არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობს, – განაცხადა ჟურნალისტმა, დავით ლიკლიკაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ნამდვილად მინდა, არ არსებობდეს, ერთ მშვენიერ დღეს მთელ მსოფლიოში ეს მოცემულობა იყოს და ამ ყველაფერში ჩვენ, ყველანი მტყუანი აღმოვჩნდეთ, მაგრამ ეს დღე ხომ არ დამდგარა და ვხედავთ ადამიანებს, ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს, რომლებიც წერენ, ამ ყველაფრით როგორ იტანჯებიან და როგორ გვაფრთხილებენ“, – განაცხადა ლიკლიკაძემ.

მისი თქმით, არ შეიძლება, ადამიანებს, რომლებსაც კორონავისუსის არსებობის არ სჯერათ, ერთმნიშვნელოვნად ვუწოდოთ ბნელები, შეშინებულები და ა.შ.

„არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი არ არსებობს. მე ვიცი ერთი ქალბატონი, რომელიც ექვსი თვეა, იძახის, რომ კორონა არ არსებობს. ის არ არის არც ბნელი და არც შეშინებული. ბევრი ჩემი მეგობარი იმიტომ იძახის კორონა არ არსებობსო, რომ ამით საქმე უფუჭდება და ასე შემდეგ“, – განაცხადა ლიკლიკაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ ვერ აცნობიერებენ ადამიანები იმას, რომ საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე, რომ მისმა გასვლამ შესაძლოა, მდგომარეობის გაცილებით გაუარესება, სიკვდილი გამოიწვიოს და რომ სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია, დავით ლიკლიკაძემ განაცხადა, რომ როგორც ზოგიერთი ადამიანი ამბობს, ურჩევნია, კორონათი მოკვდეს, ვიდრე შიმშილით.

„ანუ, შიმშილის საწინააღმდეგოს ხედავს, რომ იმუშაოს“, – განაცხადა ლიკლიკაძემ.

როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, რეგულაციები არსებობს, მაგრამ ბევრი არ იცავს და იმისთვის, რომ ადამიანებმა წესები დაიცვან, უნდა სრულდებოდეს შემოღებული საჯარიმო სანქციები.

„ქუთაისში „ტაქსიში“ დააჯარიმეს ჩემი ახლობლები, მშობელი და ბავშვი, რადგან ბავშვსაც არ ეკეთა პირბადე, სკოლის მოსწავლეს და იმ წუთში ყველამ წამოვიცვით პირბადე. ჩემი თვალით ვნახე და გავიცანი ადამიანი, რომელიც დააჯარიმეს. ამდენ ხანს, ექვსი თვის განმავლობაში ნანახი არ მყავდა ადამიანი, რომელიც დააჯარიმეს. ღვედი მაშინ გავიკეთე, როცა დამაჯარიმეს და როცა ათლარიანი ჯარიმა მომივიდა, პარკინგზე არასოდეს აღარ ვაყენებ ცუდ ადგილზე. ხომ არაფერია, მაგრამ მთელი ღამე არ მეძინა, სანამ არ გადავიხადე. ასე რომ, რაღაც სჭირდება სახელმწიფოსაც, რომ წესები დავიცვათ. აბა, ისე არ აკეთებ“, – განაცხადა დავით ლიკლიკაძემ.