დავით კირკიტაძე - ხელისუფლების შეცვლა დაასტაბილურებს ლარს, დაწევს ფასებს და ამის შანსი გვაქვს 2 აპრილს ბათუმში
დავით კირკიტაძე - ხელისუფლების შეცვლა დაასტაბილურებს ლარს, დაწევს ფასებს და ამის შანსი გვაქვს 2 აპრილს ბათუმში

მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ გამოსავალი არის მარტივი – საქართველოს ხელისუფლების შეცვლა დაასტაბილურებს ლარს, დაწევს ფასებს და ამის შანსი გვაქვს 2 აპრილს ბათუმში, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრმა დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბარელი ნავთობი ღირდა 140 დოლარი და საწვავის ფასი საქართველოში 2 ლარს არ ასცდენია. კირკიტაძის განმარტებით, დღეს კი, ბარელი ნავთობი ღირს 30 დოლარით ნაკლები – 110 დოლარი და საწვავის ღირებულება 4 ლარს შეადგენს.

„საწვავის გაძვირება აძვირებს აბსოლუტურად ყველაფერს და მძიმე ყოფაში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს უფრო მეტად უმძიმებს მდგომარეობას. საწვავი 4 ლარი ღირს თქვენ გამო. თქვენი უნიათი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ლარი ორჯერ გაუფასურდა და შესაბამისად, ფასები გაიზარდა. დიახ, 2017 წელს თქვენ ორჯერ გაზარდეთ აქციზი საწვავზე, რამაც გამოიწვია გაძვირება. საწვავის გაძვირება ავტომატურ რეჟიმში იწვევს ყველაფრის გაძვირებას“, – აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

მისი განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს და ფასებმა დაიწიოს.

„არ ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომ ამას „ქართული ოცნება“ იმიტომ აკეთებს, რომ არ ჰყავს შესაბამისი პროფესიონალები ან არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება. როგორ არ ჰყავთ, ამ დარბაზშივე მოიძებნებიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ, წარმართონ სწორი ფისკალური პოლიტიკა, როგორც საქართველოს მთავრობაში, ასევე ეროვნულ ბანკში, რაც საშუალებას მისცემს ლარს, რომ გამყარდეს და ფასები არ იყოს ასეთი, მაგრამ ამის გაკეთება არ გსურთ. თქვენი ამოცანა არ არის ლარის დასტაბილურება, ფასების კლება, რადგან თქვენ არ გაწუხებთ საწვავის გაზრდილი ფასები, რადგან გაქვთ ლიმიტები. თქვენ საწვავის თანხას არ იხდით. თითოეულ ჩინოვნიკს საშუალოდ, 500 ლიტრი საწვავის ლიმიტი აქვს და ასევე, გაზრდილი ფასით თქვენ უფრო მეტ შემოსავალს იღებთ დღგ-ს და აქციზის სახით, ბიუჯეტს როგორ განაკარგავთ, ეს ყველასთვის ცნობილია“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.