დავით კირკიტაძე - დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მალე ჩატარდება ახალი ელექტრონული არჩევნები, რომელიც ხელს შეუწყობს პარტიის გაძლიერებას
დავით კირკიტაძე - დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მალე ჩატარდება ახალი ელექტრონული არჩევნები, რომელიც ხელს შეუწყობს პარტიის გაძლიერებას

ჩვენმა საკრებულოს წევრებმა, ახალმა თაობამ წამოაყენა ინიციატივა, უფრო მაღალი ჩართულობით, ლეგიტიმაციით მოხდეს არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარის არჩევა, არამედ ყველა დონეზე „ნაცმოძრაობის“ შიგნით. ეს მისასალმებელი წინადადებაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

კირკიტაძე ვარაუდობს, რომ ამის წინააღმდეგი არავინ იქნება.

„ყურადღებით მოვუსმინე განცხადებას, რასაც მივესალმები. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო, რჩება და იქნება პოლიტიკურ პროცესში მომხრე იმისა, რომ იყოს ხალხის ფართო ჩართულობა, მონაწილეობა. „ნაცმოძრაობა“ იყო პირველი პოლიტიკური პარტია, რომელმაც დაამკვიდრა თავმჯდომარის ელექტრონულად არჩევა. დღეს ჩვენმა საკრებულოს წევრებმა, ახალმა თაობამ წამოაყენა ინიციატივა, უფრო მაღალი ჩართულობით, მაღალი ლეგიტიმაციით მოხდეს არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარის არჩევა, არამედ ყველა დონეზე „ნაცმოძრაობის“ შიგნით. ეს არის მისასალმებელი წინადადება. არ მგონია, ამის წინააღმდეგი ვინმე იყოს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ამკვიდრებს ამ სდანტარდებს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დავით კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი ელექტრონული არჩევნები მალე ჩატარდება და ის პარტიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. კირკიტაძე ამბობს, რომ როგორც მას აქვს ინფორმაცია, პარტიაში ელექტრონული არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არავინაა.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან მალე ჩატარდება ახალი ელექტრონული არჩევნები, რომელიც ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას. საკითხზე, რომ პარტიაში ყველა დონეზე ელეტრონული არჩევნები ჩატარებულიყო, მსჯელობა მიმდინარეობდა, უბრალოდ, ჩვენმა კოლეგებმა დღეს ეს საჯაროდ გააჟღერეს. ჩემი ინფორმაციით, ამის წინააღმდეგი არავინ არის. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან მომხრეები, რომელთა აზრსაც პატივს ვცემ, მაგრამ ბოლომდე ვერ ვიზიარებ, რომლებიც პრეტენზიას უყენებენ „ნაციონალური მოძრობის“ დღევანდელ მმართველ ორგანოებს. მათ ექნებათ საშუალება, ელეტრონული არჩევნებით აირჩიონ ის ადამიანი, ვისი ხილვაც სურთ „ნაცმოძრაობის“ სათავეში“,- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დავით კირკიტაძის თქმით, რეგიონულ ლიდერებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის დღევანდელ განცხადებაში პარტიის მეტად გაძლიერების სურვილი დაინახა.

„მათ განცხადებაში ამოვიკითხე „ნაციონალური მოძრაობის უფრო გაძილერების, მეტი ჩართულობის სურვილი. რა გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“დღევანდელმა მმართველმა გუნდმა და რა ვერ გააკეთა, იყო თუ არა დამაკმაყოფილებელი „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებისთვის, ალბათ ამას არჩევნები გამოავლენს. „ნაციონალურ მოძრობას“ დღეს, ისევე, როგორც არასდროს, სჭირდება თვისი მხარდამჭერების მობილიზება, შეკრულობა და ერთად დგომა, რათა ქვეყნის წინაშე მდგომი ამოცანების გადაჭრაში მივიღოთ მონაწილეობა და ასევე, ჩვენი პარტიის ლიდერის გათავისუფლებაში, რომელიც უკანონო პატიმრობაში ჰყავს ივანიშვილს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგი გამართა და განაცხადა: „ვფიქრობთ, პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, ახლიდან აირჩეს პოლიტიკური სამდივნო, პოლიტკური საბჭო და რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები“.