დავით ხვადაგიანი - მოსამართლის შენიშვნას არ ვასაჩივრებ, რადგან ფორმალობაში მონაწილეობა არ მსურს
დავით ხვადაგიანი - მოსამართლის შენიშვნას არ ვასაჩივრებ, რადგან ფორმალობაში მონაწილეობა არ მსურს

მოსამართლის შენიშვნას არ ვასაჩივრებ, რადგან არ მსურს ამ ფორმალობაში მონაწილეობა, – ამის შესახებ 20 ივნისის აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილმა დავით ხვადაგიანმა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

ხვადაგიანი სამართალდამრღვევად 20 ივნისის აქციისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით სცნეს, თუმცა მოსამართლემ წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში საქმე შეწყვიტა, ხოლო პოლიციის წინააღმდეგობის ნაწილში ხვადაგიანს შენიშვნა გამოუცხადა.

ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ხვადაგიანს აქციისას არანაირი დარღვევა არ ჩაუდენია.

„მხოლოდ პოლიციის ჩვენების საფუძველზე გამოუცხადა მოსამართლემ მას შენიშვნა. მე წარმოვადგინე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მტკიცების სტანდარტისთვის, სადაც ნათქვამია, რომ მხოლოდ ერთი პირის ჩვენების საფუძველზე არ შეიძლება, ჩაითვალოს პირი სამართალდამრღვევად და ეს უნდა დასტურდებოდეს სხვა მტკიცებულებებითაც, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა“, – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტმა, ლაშა ბექიშვილმა.

ხვადაგიანის გარდა, დღეს სასამართლომ კიდევ 10-მდე პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილა, რომლებიც 21 ივნისს დაიწყო და ადვოკატების შუამდგომლობების საფუძველზე გადაიდო. მათი ნაწილის შემთხვევაში, საქმეები შეწყდა, ნაწილს კი,  სანქციად მოსამართლემ შენიშვნა გამოუცხადა.