დავით კერესელიძე - სუპერთასის შენარჩუნებას შევეცდებით, რეალური ძალა კონფერენს ლიგაზე უნდა ვაჩვენოთ #1TVSPORT
დავით კერესელიძე - სუპერთასის შენარჩუნებას შევეცდებით, რეალური ძალა კონფერენს ლიგაზე უნდა ვაჩვენოთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა, დავით კერესელიძემ გუნდის დაკომპლექტებაზე, გეგმებსა და მიზნებზე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ისაუბრა.

„შარშანაც ჩემპიონატის უპირობო ფავორიტები ვიყავით, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, თუმცა დამსახურებულად, პირველ ადგილზე „იბერია“ გავიდა. ჩვენი მიზანი? სუპერთასის შენარჩუნებას შევეცდებით, რეალური ძალა კი კონფერენს ლიგაზე უნდა ვაჩვენოთ.

მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილები ვართ. შეკრების პირველი ეტაპი ქობულეთში გავიარეთ და არა თურქეთში, რადგან გადავწყვიტეთ, რომ ქართული ეკონომიკა გავაძლიეროთ. მერე ესპანეთში გავემგზავრეთ, სადაც გერმანელი მწვრთნელები შემოგვიერთდნენ. საკმაოდ საინტერესო პერიოდი გავიარეთ. თუკი ადრე კარგი მწვრთნელის შერჩევა გვიჭირდა, ახლა 12 კარგი სპეციალისტიდან საუკეთესოს არჩევა გაგვიჭირდა.

ყველა სერიოზული კანდიდატი იყო. პირველ ეტაპზე ჩვენი ამოცანა გახლდათ, გუნდის ცნობადობა ცნობილი ლეგიონერებით გაგვეზარდა. „ტორპედოში“ მოწვეულ ბიორნ იონსენს, მამადუ სახოს და ფელიპე პირესს ევროპაში იცნობენ და ახლა „ტორპედოში“ მუშაობა ევროპელებსაც უნდათ.

სამწუხაროდ, „იბერიისგან“ განსხვავებით, საკუთარ აკადემიაში გაზრდილებს ჯერ ვერ დავეყრდნობით. ჯერ აკადემიაში არც გვყავს ისეთი ნაკადი, რომელთა დახმარებითაც ევროტურნირებზე ვიბრძოლებთ. 2-3 წელი გვჭირდება, რომ მისი რეფორმირება მოვახდინოთ და საქმე ადგილიდან დავძრათ.

ანუ ჩვენ წელს აუცილებლად უნდა შევასრულოთ დანაპირები გულშემატკივართან და ძალიან კარგი ხარისხის ფეხბურთი ვაჩენოთ, რადგან მხოლოდ ვიცეჩემპიონობა და სუპერთასის მფლობელობა არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა. „ტორპედოსგან“ ელიან გაცილებით მაღალი ხარისხის და სანახაობრივ ფეხბურთს და ევროტურნირებზე გაცილებით წარმატებულ გამოსვლას“.