დავით კერესელიძე - დარწმუნებული ვარ, „ტორპედოს“ დიდი წარმატებები წინაა #1TVSPORT
დავით კერესელიძე - დარწმუნებული ვარ, „ტორპედოს“ დიდი წარმატებები წინაა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოში“ ახალი ინვესტორის მისვლამ გუნდზე სასიკეთოდ იმოქმედა და გორის „დილასთან“ პირველივე შეხვედრა (თანაც ურთულესი) გასვლაზე 2:1 მოიგო.

გუნდის ახალმა მეპატრონემ, დავით კერესელიძემ „ტორპედოსთან“ ერთად პირველი გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ქუთაისის „ტორპედოს“ ყველა გულშემატკივარს წარმატება მინდა მივულოცო. თანამშრომლობა კარგად დაიწყო. დარწმუნებული ვარ, უფრო დიდი წარმატებები წინაა. რა თქმა უნდა, როდესაც გუნდი იგებს, ეს ყოველთვის სასიხარულოა. კიდევ უფრო სასიხარულო განცდაა, როდესაც ამ გუნდის ნაწილი ხარ“, – ამბობს ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მეპატრონე.

ქუთაისური კლუბის ახალი მეპატრონე წარმატებულმა სტარტმა გაახარა.

„ვულოცავ ყველა ფეხბურთელს, მწვრთნელს, გულშემატკივარს. ამაში ბევრ ადამიანს ვგულისხმობ, ვინც ამ დღის დადგომას სხვადასხვა კუთხით ხელი შეუწყო – დაწყებული იმით, რომ გუნდი ჩვენ გადმოგვცემოდა და დამთავრებული იმით, რომ ფეხბურთელებმა ამ დღის ასე ლამაზად აღნიშვნა გადაწყვიტეს“.

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ რექტორი დავით კერესელიძე კლუბის 100%-იანი წილის მფლობელი ქუთაისის „ტორპედოს“ გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონის გამარჯვების შედეგად გახდა. აუქციონში 507 ათასი ლარი გადაიხადეს. გარიგების თანახმად, უნივერსიტეტმა საკუთარ თავზე აიღო კლუბის ყველა არსებული ვალდებულების გასტუმრება, ასევე – ქუთაისის „ტორპედოს“ ყოველწლიურად მინიმუმ ოთხი მილიონი ლარის ბიუჯეტით უზრუნველყოფა.

ამის შემდეგ, ქუთაისის „ტორპედოში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა და გუნდის ახალი გენერალური დირექტორი გიორგი მჭედლიძე გახდა.