დავით ჯავახაძე - ანაკლიის ინვესტორს აქვს ალტერნატიული ვარიანტებიც და მზად ვართ, კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ
დავით ჯავახაძე - ანაკლიის ინვესტორს აქვს ალტერნატიული ვარიანტებიც და მზად ვართ, კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში სხვა კომპანიების ჩართვის საკითხიც განიხილება, თუმცა რომელ კომპანიებზეა საუბარი, უწყებაში ჯერ არ აკონკრეტებენ.

ამასთან, როგორც „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა დავით ჯავახაძემ განაცხადა, სამინისტროსთვის უცნობია, რა იყო „მერიდიან კაპიტალის” გადაწყვეტილების მიზეზი, არ ჩაერთოს ანაკლიის პორტის პროექტში.

მერიდიანთან“ დაკავშირებით მიმდინარეობდა პროცედურები – კომპანიის შესწავლა შეთანხმების მიზნით. თუმცა გუშინ შემოვიდა წერილი, რომლის საფუძველზეც კომპანია ამ ეტაპზე თავს იკავებს პროექტში მონაწილეობისგან. მიზეზები განმარტებული არ არის. წერილში აბსოლუტურად არც ერთი მიზეზი არ იყო მითითებული. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ინვესტორს აქვს გარკვეული ალტერნატიული ვარიანტები და ჩვენ მზად ვართ, კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა მათთან”, – აღნიშნა ჯავახაძემ.
მისივე თქმით, ალტერნატიული ინვესტორების დასახელების უფლება ამ ეტაპზე არ აქვს.

„თუ საჭიროდ ჩათვლის, თავად ინვესტორს შეუძლია, მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა ჯავახაძემ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, „მერიდიან კაპიტალმა“ (Meridian Capital NL B.V) დაადასტურა, რომ მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა.