დავით ჯანდიერი - კანონპროექტი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს იმ ადამიანებით, რომელთა წარსულის შესახებ საზოგადოებაში შეკითხვები არ ყოფილა 
დავით ჯანდიერი - კანონპროექტი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს იმ ადამიანებით, რომელთა წარსულის შესახებ საზოგადოებაში შეკითხვები არ ყოფილა 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს იმ ადამიანებით, რომელთა წარსულის, რეპუტაციის შესახებ საზოგადოებაში შეკითხვები არ ყოფილა, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და ექვსი დეპუტატის მიერ მომზადებულ პროექტს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი დავით ჯანდიერი.

როგორც ჯანდიერი აცხადებს, სამუშაო ჯგუფში ჩართულები არ ყოფილან ის პირები, რომლებიც ამ პროცესით არიან დაინტერესებულნი.

„მინდა, ყურადღება გავამახვილო კანონპროექტთან დაკავშირებით იმ პროცედურაზე, რომელიც დღეს განიხილება. ეს პროცედურა არ ყოფილა შემუშავებული გამჭვირვალე წესების შესაბამისად. ამ ე.წ. სამუშაო ჯგუფში არ ყოფილან ჩართული ის ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც პროცესით არიან დაინტერესებულნი. მხედველობაში მაქვს სამოქალაქო საზოგადოების ის ნაწილი, რომლებსაც აქვთ ადამიანის უფლებებსა და სასამართლო სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.

მეორე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ამ ჯგუფში ჩართული იყვნენ მხოლოდ ის წევრები, რომელთა ინტერესებსაც პასუხობს საბოლოო ჯამში ეს კანონპროექტი, ანუ იმ კლანის, რომლის გასამტკიცებლადაცაა ეს კანონპროექტი შემუშავებული.

ამასთან, ეს კანონპროექტი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სისტემა გაიხსნას და გარედან შემოვიდნენ ადამიანები, რომ საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, უზენაესი სასამართლო დაკომპლექტდეს იმ ადამიანებით, რომელთა წარსულის, რეპუტაციის შესახებ საზოგადოებაში არ ყოფილა შეკითხვები“, – განაცხადა ჯანდიერმა.

კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ თუკი დღეს ჩააბარებს ადამიანი გამოცდას, ის შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ამ შესარჩევ კონკურსში. ეს არაფრისმთქმელია, რადგან გამოცდების ჩატარება არის იუსტიციის საბჭოს იმ კლანის ხელში, რომელთა ინტერესებსაც არ წარმოადგენს იმგვარი ადამიანებისგან უზენაეს სასამართლოს დაკომპლექტება, რომლებიც არიან მათი ინტერესების მიღმა“, – განაცხადა ჯანდიერმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე განაცხადის შეტანა შეეძლება ყველა კვალიფიციურ იურისტს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს. მას შემდეგ კი, რაც საბჭო შერჩეული კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები მათ ინდივიდუალურ რეჟიმში გაესაუბრებიან.

დატოვე კომენტარი