დავით იაშვილი - ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დაკითხულ არც ერთ მოწმეს ვუხსენებივარ, ბრალი როცა წავიკითხე, გამეცინა
დავით იაშვილი - ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დაკითხულ არც ერთ მოწმეს ვუხსენებივარ, ბრალი როცა წავიკითხე, გამეცინა

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ​ბრალდებულმა, დავით იაშვილმა სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა.

კრიმინალური პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ წლების წინ, ბუტა რობაქიძის საქმეზე მტკიცებულებები არ გაუყალბებია და დანაშაული არ ჩაუდენია. იაშვილმა აღნიშნა, რომ ამ საქმის სხვა ბრალდებულებთან მას ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა და არც იმ მტკიცებულებებში ფიგურირებს, რაც სახელმწიფო ბრალდებამ ამ საქმის ფარგლებში გამოიკვლია.

„ბრალი როცა წავიკითხე, გამეცინა. ბრალის წარდგენას ბოლომდეც ვერ დავესწარი. აქ იყო ჯგუფურ დანაშაულზე საუბარი. რა უნდა გამეყალბებინა დონაძესთან მიმართებაში? ჩემ ცხოვრებაში დონაძისგან ორი ზარი იყო, ერთხელ უნივერსიტეტში დაჭრა მოხდა და პრესცენტრი მოვაო. მეორედ ქურდობა იყო და დარეკა, პრესცენტრი მოვაო. მეტი ამ კაცთან შეხება არ მქონია. არც მიქაძე მეხატება გულზე, არც ბაქრაძე, არც დონაძე მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი – თქვენ როგორ ფიქრობთ, კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვიყავი და გაქცევას მასწავლიდა ვინმე? არაფერი მქონდა გასაქცევი და ამიტომ არ გავიქეცი. ვინც დაიკითხა, იმათ ჩემკენ ხელი არ გამოუშვერია. არც ერთს არ ვუხსენებივარ არც პატრულის თანამშრომლებს“,- განაცხადა დავით იაშვილმა დასკვნით სიტყვაში.

საბოლოო სიტყვას წარმოთქვამს საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული გურამ დონაძეც.

„დანაშაული არ ჩამიდენია. მეექვსე წელია, სახელმწიფო მერჩის, რადგან მათი მომხრე არ ვარ. ეს ხელისუფლება ძალადობს ჩემზე. ეს საქმე არის ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნის მაგალითი. საპატრულო მანქანამ რომ ეკიპაჟი გააჩერა, იქ მეც მივედი ბაშალეიშვილის გასროლიდან რამდენიმე წუთში. ეს ადამიანები ე.წ. რაზბორკაზე მიდიოდნენ და მათ იარაღები ედოთ. რამდენიმე საათით ადრე მათ ქუჩური გარჩევა ჰქონდათ”,- განაცხადა დონაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ ბრალად. მოსამართლეს ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად 2018 წლის ბოლომდე აქვს ვადა.