დავით გორგილაძე - საგანმანათლებლო სისტემის ვალია, ეს ძალადობა აღარ იყოს
დავით გორგილაძე - საგანმანათლებლო სისტემის ვალია, ეს ძალადობა აღარ იყოს

ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ ძალადობა სამშობლოს სახელით გამართლებულია, ხვალ არ იტყვის, რომ აღლუმი უნდა გაიმართოს. საინტერესოა, 20-30 წლის შემდეგ რას იტყვიან. საგანმანათლებლო სისტემის ვალია, რომ ეს ძალადობა აღარ იყოს, – განაცხადა მწერალმა, საქართველოს პირველი არხის წამყვანმა, დავით გორგილაძემ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

გორგილაძემ არსებულ ვითარებაში კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომუნიკაცია არის ერთადერთი, რაც ადამიანებს შორის თანაცხოვრებას შესაძლებელს გახდის.

„ეს არის გახლეჩილი ივლისი, ის, რაც იყო 5 ივლისამდე და რაც არის 5 ივლისის შემდეგ. მოხდა ტრაგედია, რომელიც სცდება ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის, ერთი ტელევიზიის კონტექსტს და ხდება მთელი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ამბავი.

კომუნიკაცია არის ერთადერთი, რამაც შეიძლება, ადამიანებს შორის თანაცხოვრება შესაძლებელი გახადოს. როცა ორ ადამიანს შორის კომუნიკაცია წყდება ხოლმე ან ორ ქვეყანას შორის, მაშინ იწყება ომები. კომუნიკაცია არის ერთადერთი საშუალება, რაც აგრესიას აჩერებს. ცხარე კამათიც კი შეიძლება, საბოლოო ჯამში, ჭეშმარიტებამდე მისვლის გზა თუ არა, რაღაც საერთო შეხების წერტილების მოძებნის გზა იყოს.

ძალადობა ხომ დანაშაულია და ძალადობის გამართლებაც დანაშაულია. ერთ შემთხვევაში, ეს ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. მეორე შემთხვევაში, თუ ის არ ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, უნდა ისჯებოდეს მორალური ან პოლიტიკური სასჯელით. უნდა ვიყოთ აქტიური იმიტომაც, რომ ქვეყანაში მყიფე დემოკრატიის პირობებში, ინსტიტუტები არ არის მაინცდამაინც ფეხზე მყარად მდგარი“, – განაცხადა გორგილაძემ. 

საქართველოს პირველი არხის წამყვანმა სამომავლო პერსპექტივაში განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემთვის საინტერესოა, რომ როდესაც დაიწყება სასწავლო წელი და პედაგოგები შევლენ სკოლებში, უნივერსიტეტებში, ვიღაც ჩამოაგდებს ამ თემაზე საუბარს და იმედია, რომ ჩამოაგდებს, რა პასუხს გასცემენ პედაგოგები და არიან თუ არა ამისთვის მზად, აქვთ თუ არა სწორი აქცენტები.

ადამიანი, რომელიც ტრიბუნასთან გამოდიოდა და ამბობდა, რომ ძალადობა სამშობლოს სახელით გამართლებულია და უნდა იძალადო, ხვალ არ იტყვის, რომ აღლუმი უნდა გაიმართოს. საინტერესოა, 20-30 წლის შემდეგ რას იტყვიან და ეს ამ საგანმანათლებლო სისტემის ვალია, რომ მსგავსი ძალადობა აღარ იყოს. კომუნიკაცია არის ერთადერთი გზა, რომ აქამდე მივიდეთ“, – განაცხადა დავით გორგილაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს კეთილშობილური ფუნქცია, ადამიანების კომუნიკაცია უზრუნველყოს.

„ჰემინგუეის აქვს ნათქვამი, რომ მე ვწერ არა იმას, რაც მინდა, არამედ იმას, რაც მინდა, რომ ხალხს უნდოდესო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქცია ეს ხომ ვერ იქნება?! ამ შემთხვევაში, არსებობს გაცხადებული მისია, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. ერთ-ერთი არის იმაზე საუბარი, რომ საქართველო ერთია, და თან ყველასია, ვინც აქ ცხოვრობს. მნიშვნელობა არ აქვს, 95%-ს თუ მიაჩნია, რომ ეს წრე შავია და 5%-ს თუ მიაჩნია, რომ არის ნარინჯისფერი, ამ 5%-ს აქვს ამის თქმისა და ამ წრეში ჩადგომის უფლება. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს კეთილშობილური ფუნქცია, რომ ამ ყველაფერზე ისაუბროს და ასაუბროს ადამიანები ერთმანეთში, ბევრი სხვა ფუნქციის მიღმა“, – განაცხადა გორგილაძემ.