დავით გიუნაშვილი - ყაზბეგში ჩამოვარდნილ ვერტმფრენს „შავი ყუთი“ არ გააჩნია, თუმცა ინფორმაცია შესაძლოა, შენახული იყოს კომპიუტერებში
დავით გიუნაშვილი - ყაზბეგში ჩამოვარდნილ ვერტმფრენს „შავი ყუთი“ არ გააჩნია, თუმცა ინფორმაცია შესაძლოა, შენახული იყოს კომპიუტერებში

ყაზბეგში ჩამოვარდნილ საფრენ აპარატს „შავი ყუთი“ არ გააჩნია, თუმცა ინფორაცია შესაძლოა, შენახული იყოს ელექტრონული მართვის კომპიუტერებში, – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევების მოკვლევის ბიუროს უფროსმა, დავით გიუნაშვილმა შემთხვევის ადგილზე განაცხადა.

მისივე თქმით, მომხდარის მიზეზებზე საუბარი ჯერ ადრეა.

„ჩვენ ახლა ვიღებთ ნივთმტკიცებებს. მომხდართან დაკავშირებით დანარჩენ დეტალებზე საუბარი იქნება შემდგომში.​ პირველადი მონაცემებით, ვერტმფრენი აფრინდა კობის გადასწვრივ მდებარე ანგარიდან. მოფრინავდა სასტუმრო „რუმსის“ მიმართულებით. ამ ადგილზე მოხდა დაცემა და ახლა ვერტმფრენის ნაწილებს ვიკვლევთ“, – აღნიშნა გიუნაშვილმა.

მისი თქმით, კანონმდებლობის თანახმად, პირველადი დასკვნა 30 დღეში უნდა დაიდოს, თუმცა სპეციალისტებს ამ შემთხვევაში უფრო ნაკლები დრო დასჭირდებათ.

„აქ ბევრი არაფერია გამოსაკვლევი. ფაქტების დეტალურ შესწავლას მანამდე მოვახდენთ. დასაკავშირებელია როგორც ძრავის მწარმოებელთან, ასევე ვერტმფრენის მწარმოებელთან. ერთობლივი გადაწყვეტილებით მივალთ იმ შედეგამდე, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რა მოხდა. ამ საფრენ აპარატს, რასაც ჰქვია „შავი ყუთი“ და ინფორმაციის შემნახველი, არ გააჩნია. თუმცა, კონფიგურაციიდან გამომდინარე, დეტალებში ინფორაცია შეიძლება, შენახული იყოს ელექტრონული მართვის კომპიუტერებში. მაგრამ ამ დეტალების შესწავლის გარეშე, დაზუსტებით ახლა ამას ვერ ვიტყვით“, – განაცხადა დავით გიუნაშვილმა.

დღეს ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ კუთვნილი ვერტმფრენი ე.წ. ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა, დაიღუპა სამი ადამიანი.

ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი BELL-505 ტიპის, ამერიკულ-კანადური წარმოების იყო, გამოშვებულია 2018 წელს.