დავით გირგვლიანი - ხადას ხეობაში მომხდარზე მალხაზ კობაურმა შესაძლოა FBI-სთან ისაუბროს
დავით გირგვლიანი - ხადას ხეობაში მომხდარზე მალხაზ კობაურმა შესაძლოა FBI-სთან ისაუბროს

ხადას ხეობაში მომხდარზე მალხაზ კობაურმა შესაძლოა FBI-სთან ისაუბროს, – ამის შესახებ​ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა დავით გირგვლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს გამომძიებლებთან შეხვედრას ითხოვს.

„არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროს მისცეს ჩვენება. ასევე, ჩვენი მოთხოვნაა, ყველა ექსპერტიზა ამერიკაში ჩატარდეს სწორედ ფედერალური ბიუროს მიერ. მე, ბრალდებულ მალხაზ კობაურის ინტერესების დამცველი, მზად ვარ, პირდაპირ დებატებში დავუჯდე საქმის პროკურორს და ვისაც კი სურვილი აქვს“, – განაცხადა დავით გირგვლიანმა.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ქართულ გამოძიებას არ ენდობა, რადგან არანაირ საგამოძიებო ღონისძიება სრულყოფილად არ ხორციელდება.

„ქართული გამოძიების კომპეტენტურობის საკითხი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმემ კარგად გვაჩვენა. რატომ არ ადგენს გამოძიება იმას, თუ ვინ არის მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ დასახელებული ორი უცნობი პირი. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ ეს ორი უცნობი პირი ხადას ხეობაში შავი ავტომობილით მივიდა, მარკა, მოდელი ვერ გაარჩია. დაინახა, რომ მანქანა სმიტების ავტომობილიდან 3-4 მეტრის დაშორებით გაჩერდა და მალევე მათ გზაზე წამოეწია. სავარაუდოდ, მაიკლ სმიტი მათ იცნობდა, რადგან მათი დანახვისთანავე სმიტი აღელდა, ნაბიჯს მოუჩქარა. ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს გამოძიების ინტერესებიდან არ გამომდინარეობს“, – განაცხადა ადვოკატმა.

დავით გირგვლიანის თქმით, ამ ორმა ადამიანმა ქართული იცოდა.

„ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ ორ პირს სპეციალურად დაეტოვებინა ის ცოცხალი, რათა თვითონ გამხდარიყო ბრალდების მსხვერპლი. მას ასევე ოჯახის ამოხოცვით დაემუქრნენ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ბრალდებულის ტელეფონში სმიტის ფოტოები აქვს, არ ვადასტურებ. პროკურატურის მოტივი იყო, ამოერჩიათ ყველაზე ადვილი საკბილო და სწრაფად გაეხსნათ ეს საქმე. ბრალდებული დათრგუნულია და ის დანაშაულს არ აღიარებს“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი არ საუბრობს იმაზე, თუ საიდან იცოდა მკვლელობის დეტალები ბრალდებულმა, ან საიდან იცოდა მცირეწლოვანის ცხედარის მდებარეობა და მკვლელობის იარაღის ადგილსამყოფელი. ის ამის მიზეზად გამოძიების ინტერესებს ასახელებს.

ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები, ასევე მათი ოთხი წლის შვილი მას არ მოუკლავს, ისინი მოკლა ორმა „უცხოურმა მამაკაცმა“, რომლებიც მას დაემუქრნენ. მოგვიანებით ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულის წარმოთქმული სიტყვა არასწორად იქნა აღქმული, ის გულისხმობდა ორ უცხო პირს და არა უცხოელს. საქმის გამოძიებაში ამერიკის გამოძიების ფედერალურ ბიუროც (FBI) ჩაერთო.