დავით გარეჯში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
დავით გარეჯში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

მოქალაქეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დავით გარეჯში აღნიშნეს. ადგილზე შეკრებილებმა სამონასტრო კომპლექსის ქედზე ცოცხალი ჯაჭვით უდაბნოს ამაღლების ეკლესიისკენ ფეხით გადაინაცვლეს. მათი განცხადებით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დავით გარეჯში ისევ სტაბილური სიტუაცია შეიქმნას. აქციის მონაწილე სასულიერო პირებმა პარაკლისიც გადაიხადეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დავით ქაცარავა ხელისუფლებას მადლობას უხდის, რომ დღეს სამონასტრო კომპლექსი გაიხსნა, თუმცა მისი თქმით, აუცილებელია, მუდმივ რეჟიმში შეეძლოთ მოქალაქეებს კომპლექსის ტერიტორიაზე გადაადგილება.

„დავით გარეჯში შეიქმნა საკმაოდ არასტაბილური სიტუაცია. ჩვენ 5 მაისიდან ვიმყოფებით აქ. 16 მაისს დაიკეტა ტაძარი იმ მიზეზით, რომ აქ მუშაობდა სადემილიტაციო ორი კომისია – ქართული და აზერბაიჯანული. დღემდე ეს ზონა კვლავ იყო გადაკეტილი. დღეს დავით გარეჯის კომპლექსი გაიხსნა. დიდი მადლობა იმ ადამიანებს ხელისუფლებიდან, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა დღევანდელი ჩვენი აქ შეკრების მიზანი არის ის, რომ არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი დღის საჩუქარი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დავით გარეჯის კომპლექსი უდაბნოს აღდგომის ტაძარი და ჩიჩხიტურის ტაძარი უნდა იყოს მუდმივ რეჟიმში გახსნილი. ეს არის გზავნილი იმისა, რომ ჩვენ არავის დავუთმობთ ჩვენს მიწა წლის არც ერთ კვადრატულ ნაწილს, არ გვაქვს ამის უფლება“,- განაცხადა დავით ქაცარავამ.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად შემაღლებული ადგილიდან საქართველოს დროშაც აღმართეს. მათი განცხადებით, მსგავსი აქცია 28 მაისსაც გაიმართება და უფრო მასშტაბური იქნება.

დატოვე კომენტარი