დავით გარეჯის ტერიტორიაზე „ძალა ერთობაშია“ დღეიდან პატრულირებას იწყებს
დავით გარეჯის ტერიტორიაზე „ძალა ერთობაშია“ დღეიდან პატრულირებას იწყებს

დავით გარეჯის ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დღეიდან პატრულირებას იწყებს. როგორც საქართველოს პირველ არხს დავით ქაცარავამ განუცხადა, პატრულირების მიზანი საზოგადოების ინფორმირებულობაა.

„დღეიდან ვიწყებთ პატრულირებას, ეს იქნება მშვიდობიანი. ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ იმ ტურისტულ მარშრუტზე, რომელზეც ვმოძრაობთ და რომელიც თავიდან ჩაგვიკეტეს. ჩვენ ეს პატრულირება დავიწყეთ პირველ რიგში იმისთვის, რომ არ შეიქმნას ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც ხშირად ჩვენს სახელმწიფოებივ ინტერესებს აზიანებს. ვგულისხმობ იმას, რაც მოხდა ამ ბოლო დროს დავით გარეჯში. ბოლო პერიოდი რომ ავიღოთ, 3-4 დღიანი ვაკუუმი იყო, რომლის პერიოდშიც საზოგადოება საერთოდ არ იყო ინფორმირებული, თუ პრობლემები იყო დავით გარეჯში. მერე გავიგეთ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაკეტეს საზღვარი და მისასვლელი ბილიკები ეკლესიასთან. ამიტომ, ეს იქნება, არა უფრო ანტისაოკუპაციო მოძრაობის ფორმატში, არამედ უფრო საზოგადოებრივი მოძრაობა.

რაც ყველაზე მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობაც ძალიან მოტივირებული, შეწუხებული და შეშინებულია. მათთან ერთად ვიქნებით ჩვენ კოორდინაციაში. ბუნებრივია, საქმის კურსში ჩავაყენებთ ადგილობრივ თვითმმართველობასაც, მესაზღვრეებსაც. ვიქნებით უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას დროული და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება მშვიდობიანი, ჩვენ ვიქნებით იმ ბილიკზე რომელიც სადაოდ იქცა“, – განაცხადა ქაცარავამ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, ლეილა აბდულაევას სააგენტო „ონა აზმა“ (ona.az) კომენტარი სთხოვა დავით გარეჯის კომპლექსში პატრულირების დაწყების შესახებ. „როგორც აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის სწრაფ დასრულებას“, – განაცხადა ლეილა აბდულაევამ აზერბაიჯანულ სააგენტოსთან.​ აბდულაევას თქმით, რაც მალე დასრულდება საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, მით უკეთესი იქნება ორივე მხარისთვის.