დავით გარეჯის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
დავით გარეჯის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება

დავით გარეჯის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.

პროცესზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები ბრალდებულების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებენ და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ.

როგორც ადვოკატები ამბობენ, საქმეში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და საქმე პოლიტიზებულია.

ადვოკატები ასევე გეგმავენ სასამართლოს მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობითაც მიმართონ. გარდა ამისა, მათ უკვე მიმართეს სასამართლოს თხოვნით დღევანდელ პროცესს ბრალდებულები ფიზიკურად დაესწრონ.

„დაცვის მხარეს გვექნება არა ერთი შუამდგომლობა ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, თუმცა ძირითადი შუამდგომლობა მდგომარეობს იმაში, რომ უნდა შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება და მინიმუმ პატიმრობიდან აუცილებლად გათავისუფლდნენ ბრალდებულები, რადგან აღარ არსებობს და არც აქამდე არსებობდა მათი პატიმრობაში დატოვების საფუძვლები. ალტერნატივის სახით ამ ეტაპზე სასამართლოს არ ვთავაზობთ რაიმე გირაოს ან სხვა ნაკლებად შემზღუდავ საშუალებას, თუმცა თუ სასამართლო გამოიყენებს ამ ღონისძიებებს, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით. ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია რომ გათავისუფლდნენ“, – განაცხადა ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.