დავით გარეჯის საქმეზე სახალხო დამცველს სასამართლოს მეგობრის სტატუსი მიენიჭა
დავით გარეჯის საქმეზე სახალხო დამცველს სასამართლოს მეგობრის სტატუსი მიენიჭა

დავით გარეჯის საქმეზე სასამართლომ სახალხო დამცველს სასამართლოს მეგობრის სტატუსი მიანიჭა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დალი მეტრეველმა მიიღო. შესაბამისად, სასამართლო განხილვების დროს, ომბუდსმენის წარმომადგენელს საქმის ირგვლივ მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა ექნება.

ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადებით, სახალხო დამცველის მოსაზრებით, პროცესი არ ხორციელდება მართლმსაჯულების ინტერესებით, ის ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავისუფლებათა შესახებ მე-18 მუხლის მიზნებს.

„ეს დოკუმენტი არის ამ პროცესების ნეიტრალური არბიტრის, სახალხო დამცველის შეფასება მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, სადაც საუბარია და აღწერილია არა მარტო ის დაბროკოლებები, რომლებსაც ვაწყდებოდით, არამედ ის სამართლებრივი აბსურდი, რომელსაც პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე დაარქვა. ძალიან ლოგიკური დასკვნა აქვს გაკეთებული სახალხო დამცველს, რომ ეს პროცესი ხორციელდება არა მართლმსაჯულების ინტერესებით, არამედ სხვა მიზეზებით, რაც ნიშნავს, რომ ის ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა დაცვის და თავისუფლებათა შესახებ მე-18 მუხლის მიზნებს. მე დღემდე არ მახსოვს სახალხო დამცველის მიერ მე-18 მუხლზე აპელირებით გაკეთებული სასამართლო მეგობრის მოსაზრება.

პროკურატურას აქვს არჩეული სტრატეგია, რომლითაც საუბრობს ყოველ მესამე მტკიცებულებაზე, რომლიდანაც ცდილობს, ამოგლიჯოს გარკვეული სიტყვები და დანაშაულის ილუზია შექმნას, რაც შეუძლებელია, მთავარ სასამართლო სხდომაზე ასე დარჩეს. შეიძლება, იოლად მოახერხოს მედიაში, სადაც ოპონენტი არ ჰყავს, მაგრამ ის ამას ვერ შეძლებს სასამართლოზე. ჩვენ მზად ვართ, ყველა მტკიცებულებას ჩავყვეთ დეტალურად, ყველა მოწმე დაიკითხოს დეტალურად. ჩვენ ამ საქმეში დასამალი არაფერი გვაქვს. თითოეული დაინტერესებული ადამიანი ღრმად დარწმუნდება, რომ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას სახელმწიფომ დაგვიანებით მოუხადა ბოდიში. მათ ბოდიში დღეს და გუშინ ეკუთვნოდათ, მაგრამ ხვალ აუცილებლად მოუხდიან“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე შესავალი სიტყვით წარსდგა. მომდევნო სხდომა 29 მარტს, 12:00 საათზე, დაცვის მხარის შესავალი სიტყვით გაგრძელდება.