დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენის პროცესი მიმდინარეობს
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენის პროცესი მიმდინარეობს

დავით გარეჯის საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრებისთვის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

„მოხდება ბრალდების წარდგენა ოფიციალურად პროკურატურის მხრიდან. ეს პროცესი მსხვერპლშეწირვას უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე სამართლებრივ პროცესს და ეს ადამიანები პოლიტიკურ ბატალიებს ეწირებიან. რაც შეეხება სამართლებრივ ბრალს, ეს გულისხმობს სახელმწიფოს ტერიტორიების გამოყოფისკენ მიმართულ ქმედებას, რასაც არ მოჰყოლია რაიმე ტერიტორიის გადაცემა ან დაკარგვა. მიგვაჩნია, რომ ბრალდება არის აბსურდული, რადგან ამ სფეროს პროფესიონალები მათი შეხედულებისამებერ ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლებიც სახელმწიფოებს შორის ოფიციალური შეთანხმების ნაწილი იყო. რუკები, რომელთაც ედავებიან, ისინი ფიქრობენ, რომ ამ რუკებით არ უნდა ეხელმძღვანელათ, რადგან იყო არასანდო. ზუსტი ინფორმაცია დღეს საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გვექნება. საკმაოდ ბუნდოვანი ბრალდება იყო პროკურატურის მხრიდან.ზუსტად რომელი ტერიტორიების ნაწილზე ედავებიან, ეს ცალსახად პროკურატურის განცხადებიდან არ იკვეთება. ივერი მელაშვილისთვის ეს ბრალდება არის პოლიტიკური პროცესების თანმდევი შედეგი. პროფესიონალები 1994 წლიდან თავის საქმეს პირნათლად ასრულებდნენ და ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული, ამას ადასტურებს, მათ შორის მოქმედი ელჩის განცხადება“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაკავების შესახებ განჩინებაში წაიკითხა, რომ მოწმეებად ძირითადად არიან სასულიერო პირები, რომლებიც თითქოსდა ესწრებოდნენ შეხვედრებს, ჰქონდათ ექსპერტული ცოდნა და მათ გაარჩიეს, რომელი რუკების გამოყენებას ჰქონდა ადგილი და რომელს არა.

„ვფიქრობთ, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩნენ ისინი, თუმცა ალტერნატივის სახით განვიხილავთ გირაოსაც“, – აღნიშნა ადვოკატმა.

ამასთან, როგორც პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ფაქტზე დაკავებული ორი პირისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა დღეს მოხდება.

„წარსადგენი ბრალდება გულისხმობს ბრალდებულების მიერ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენას, რაც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა შექმნა საფრთხე ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის, რომელიც დაახლოებით 3 500 ჰექტარს შეადგენს. უამრავი საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებაა ჩატარებული, დაკითხულია ათეულობით მოწმე, ასევე არსებობს ექსპერტიზის არაერთი დასკვნა, მოპოვებულია რელევენტური კარტოგრაფიული მასალა, რუკები და მათი ანალიზის საფუძველზე ნამდვილად არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, იმისა, რომ ბრალდებულებს ბრალი წარედგინოთ. მთავარი გარემოებაა შემდეგი, ბრალდებულებმა განზრახ, საქართველოს საწინააღმდეგოდ, შეგნებულად არ გამოიყენეს ისეთი რუკები, რომელიც რეალურად ისტორიულად საქართველის მიკუთვნებულ საზღვრებს და მონაკვეთებს საქართველოს ფარგლებში აქცევდა. მათ ამ კარტოგრაფიულ მასალას განზრახ გაუკეთეს იგნორირება“, – აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, საქმეში მოპოვებული ინფორმაციით, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ და შეგნებულად.

„რაც შეეხება სხვა ვერსიებს, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ გამოძიებას“, – აღნიშნა პროკურორმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, მოხდეს რომელიმე სხვა პირისთვის ბრალის წარდგენა, საქმის პროკურორი ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, რომელიმე პირის პოზიცია იმუნიტეტი ვერ იქნება.

პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ივერი მელაშვილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, ნატალია ილიჩოვას დაკავების შესახებ გუშინ განაცხადა.  

„ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს. სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს. შესაბამისად, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.