დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარი - ივერი მელაშვილის განცხადებაზე თუ არ ვიტყვით, რომ არის დანაშაული, მაშინ ეს მისი კიდევ ერთი ძალიან დიდი შეცდომაა
დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარი - ივერი მელაშვილის განცხადებაზე თუ არ ვიტყვით, რომ არის დანაშაული, მაშინ ეს მისი კიდევ ერთი ძალიან დიდი შეცდომაა

დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე „თუ არ ვიტყვით, რომ დანაშაულია, მაშინ ეს არის მისი ძალიან დიდი შეცდომა“.

„ივერი მელაშვილის განცხადებაზე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუ არ ვიტყვით, რომ არის დანაშაული, მაშინ ეს არის მისი კიდევ ერთი შეცდომა, ძალიან დიდი შეცდომაა, როცა იმეორებს იმ დანაშაულებრივ ფრაზას, რომელსაც ავითარებენ ისინი, რომ თითქოსდა ეს არ არის საქართველოს ტერიტორია. ის ტერიტორია, რომელზეც არის საუბარი, არის საქართველოს ტერიტორია.

თუ ჩვენ ვიტყვით სიტყვა დააბრუნებს, მაშინ უნდა ვსაუბრობდეთ ბერთუბანზე და არა ჩიჩხიტურზე და უდაბნოზე. რაც შეეხება ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერს, ამ შემთხვევაში ჩვენ დასაბრუნებელი არაფერი გვაქვს, რადგან ეს ჩვენი ტერიტორიაა. უბრალოდ ამას უნდა დამტკიცება, რომელიც უნდა მოხდეს იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მიღწეულია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ორივე ქვეყანას ხელი მოწერილი აქვთ ამაზე.

მე პირადად კომისიის მუშაობაში ჩახედული არ ვარ, თუ რა კეთდება დღეს. იმედია, ყველაფერი კეთდება, როგორც საჭიროა”, – განაცხადა მამა ილარიონმა.

ივერი მელაშვილმა გუშინ განაცხადა: „თუ არ გინდა მიზანმიმართულად, შეგიძლია, წყნარად აწარმოო, გინდა გამოკითხვა, თუ სამუშაო ვითარებაში გარკვევა გინდა, მაგიდები დაიდე, გინდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, გინდა სხვა უწყებაში. შეიძლება ამ ყველაფრის გარკვევა, თუ გამოძიების წარმოება გინდა, არ არის აუცილებელი ამის აჟიტირება. წარმოიდგინეთ, როგორ მოხდა აჟიტირება – თურმე სადღაც რაღაც გვაქვს – არა ჩვენია, კი არ ამბობ, ეუბნები, რომ რაღაც, მოდი ვიმსჯელოთ. არა, გინდა თუ არა ჩვენია, ჩათვალეთ ეს გაფუჭებაა. მოლაპარაკება რა არის? მოლაპარაკება არის, რომ იწყებ რაღაც საწყისიდან, რაღაც ეტაპიდან, თანხმდები და ნელ-ნელა მიყვები ამ ყველაფერს. როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.