დავით გადელია - „ომიკრონი“ ხელწამოსაკრავი შტამი არ არის
დავით გადელია - „ომიკრონი“ ხელწამოსაკრავი შტამი არ არის

„ომიკრონი“ ხელწამოსაკრავი შტამი არ არის, – განაცხადა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება, შემთხვევები ბევრია და შეიძლება, აქ მეტი მძიმე შედეგები მივიღოთ. მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფში აქ შეიძლება, მეტი იყოს სასტაციონაროც და შეიძლება, მეტი იყოს მძიმეც. აი, ამიტომ არ არის ეს „ომიკრონი“ მაინცდამაინც ასე ხელწამოსაკრავი შტამი“, – განაცხადა გადელიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ მიმდინარეობს დაავადება „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში აცრილ და აუცრელ მოქალაქეებში, დავით გადელიამ განაცხადა, რომ მოსახლეობას ამ მონაცემების მაინცდამაინც არ სჯერა და სჯობს, პირადი მაგალითებით ვიმსჯელოთ.

„სულ რამდენიმე ხნის წინ ისეთ შემთხვევაში მომიწია ყოფნა, ადამიანებთან ერთად სადილობა, რომ თითქმის 100 პროცენტით მქონდა ინფიცირების შანსი. დაბუსტული რომ არ ვყოფილიყავი, შემიძლია, გითხრათ, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში 100 პროცენტით უნდა დავავადებულიყავი, ვერანაირად ვერ გადავრჩებოდი, მაგრამ გადავრჩი. საერთოდ, ბავშვობიდან ხშირად მოავადე ვიყავი, მაგრამ ამ აცრებმა და პირბადემ იმდენი ქნა, რომ ჯერჯერობით, ამ კოვიდისგანაც გადავრჩი და არც ზედა სასუნთქი გზების სხვა დაავადებით დავავადებულვარ. იმდენად მჯერა ორჯერადი აცრის და ბუსტერის, რომ უკვე არც კორონავირუსის აღარ მეშინია. რომ დავავადდე, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ იოლად გადაივლის. იმიტომ, რომ აცრა ძალიან იცავს“, – განაცხადა გადელიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად სწორია გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირბადე „ომიკრონისგან“ არ გვიცავს, რადგან ის სწრაფად გავრცელებადი შტამია, დავით გადელიამ განაცხადა, რომ მართალია, „ომიკრონის“ შტამი სწრაფად გავრცელებადია, მაგრამ ვირუსის გავრცელების მექანიზმი არ შეცვლილა, ის ისევ წვეთოვანი გზით გადაეცემა და აქედან გამომდინარე, პირბადე გვიცავს.

„კიდევ კარგი, მიკრონაწილაკებს ვერ ვხედავთ, თორემ შეიძლება, ადამიანებს ერთად არც ესადილათ. ერთმანეთთან ახლო საუბრისას​ მიკრონაწილაკების ისეთი გაცვლა ხდება, სულ რომ არ გგონია, რამე ხდება, აუცილებლად ხდება ამ წვეთების გადაცემა და ამას პირბადე მექანიკურად აკავებს. არანაირ კავშირში არ არის ის, ვირუსი შიგნით გაძვრება, თუ გამოძვრება. ჰაერიც არანაირ კავშირში არ არის. ძალიან მარტივი მექანიზმია, პირბადე წვეთს აკავებს, რომ ჩვენი პირიდან არ გავიდეს, ან სხვისი არ მოგვხვდეს. აი, ეს არის მთელი მექანიზმი და არანირი პროფესორობა ამას არ სჭირდება“, – განაცხადა გადელიამ.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ბავშვების ინფიცირების რაოდენობა ძალიან გაიზარდა.

„ჩვენთან ადგილი ისედაც ყოველთვის ჭირდა, მაგრამ ბავშვების დიდი რაოდენობაა და ახლა განსაკუთრებით გადაჭედილი ვართ, მთლიანად. თუმცა, ერთი დამაიმედებელი ის შემიძლია, ვთქვა, რომ ეს „ომიკრონი“ ისე ხშირად არ იწვევს ფილტვების დაავადებებს და ძირითადად, ზედა სასუნთქი გზების არეალს მოიცავს. ამ მხრივ, ცოტა სიმსუბუქეა, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ საშიში სიმპტომები აქვს და ის ბრონქიოლიტებიც სახიფათოა ხოლმე, განსაკუთრებით ერთ და ორ წლამდე ბავშვებისთვის“, – განაცხადა დავით გადელიამ.

დატოვე კომენტარი