დავით გაბაიძე - უმრავლესობა შევჯერდით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატიდან 18 პროპორციული სისტემით, სამი კი მაჟორიტარული წესით აირჩევა
დავით გაბაიძე - უმრავლესობა შევჯერდით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატიდან 18 პროპორციული სისტემით, სამი კი მაჟორიტარული წესით აირჩევა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წესი შეიცვლება, – ამის შესახებ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ განაცხადა.

უმრავლესობის მიერ ინიცირებულია აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვით უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული დეპუტატების რაოდენობა ექვსიდან სამამდე შემცირდება.

„უმრავლესობა შევჯერდით, რომ 2020 წლის ოქტომბერში უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდეს პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული წესით. პარლამენტის პარალელურად უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვისაც შეიქმნება სამი მაჟორიტარული ოლქი, რომელიც დაემთხვევა საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ მაჟორიტარულ ოლქებს, ამდენად 21 დეპუტატიდან 18 პროპორციული სისტემით, სამი კი მაჟორიტარული წესით აირჩევა“, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 14 ხმაა საჭირო, ზუსტად ამდენი დეპუტატით არის წარმოდგენილი „ქართული ოცნება“, თუმცა დავით გაბაიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს, ოპოზიციასთან ნებისმიერ ეტაპზე გამართოს კონსულტაციები. სხდომა მომავალ კვირაში ჩაინიშნება.