დავით გაბაიძე - ოპოზიციის მოთხოვნა არის ღია კარის მტვრევა
დავით გაბაიძე - ოპოზიციის მოთხოვნა არის ღია კარის მტვრევა

ოპოზიციის მოთხოვნა არის ღია კარის მტვრევა, – ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმში, შვიდი ოპოზიციური პარტიის მოთხოვნას, უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის თაობაზე.

„რაც ახლა ოპოზიციიდან მესმის, ეს არის ღია კარის მტვრევა. ამას მეტი სახელი არ ჰქვია. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს გავლილი აქვს განხილვები, კომიტეტები და შესაძლებელია, მისი გატანა სხდომაზე. საბოლოო ჯამში რა ფორმით უნდა მივიღოთ ეს, გამომდინარეობს ისევე მათი მოთხოვნიდან. მე მაქვს 2019 წლის 4 ივნისის წერილი, სადაც ოპოზიცია წერს, რომ პარლამენტი აკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებებს და ჩვენც გადავიდეთ იგივე ცვლილებებზე. პარლამენტს ცვლილებები ჯერ არ დაუსრულებია, ახლა მიდის ამაზე საუბარი. შესაბამისად, იმის გამო, რომ სწორედ მათი მოთხოვნა შესრულდეს, მე ველოდები როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი“, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ.

აჭარაში ოპოზიციურმა პარტიებმა უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტის განხილვის მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს დღეს მიმართა.