დავით ფერაძე - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ „საქართველოს რკინიგზასა“ და ტრასპორტის სექტორს დიდ პოტენციალს აძლევს  
დავით ფერაძე - „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ „საქართველოს რკინიგზასა“ და ტრასპორტის სექტორს დიდ პოტენციალს აძლევს  

„აბრეშუმის გზის“ პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მისი ეკონომიკის განვითარებისთვის, – ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „საქართველოს რკინიგზა“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთ მთავარ მონაკვეთს – შუა დერეფანს.

„ტრადიციულად დერეფანი მიემართებოდა კასპიის ზღვიდან შავის ზღვის მიმართულებით. მინდა, აქვე გაცნობოთ, რომ 18 ოქტომბერს პირველი ​საფიდერო გემი გაეშვა ოდესის პორტიდან ფოთის მიმართულებით. აღსანიშნავია, მეორე მნიშვნელოვანი პროექტი – ბაქო-თბილისი-ყარსი, რომლითაც ორი წელია ტვირთების გადაზიდვა მიმდინარეობს. ამით მოხდა ჩინეთის ცენტრალური აზიის დაკავშირება საქართველოს გავლით თურქეთზე და შემდგომ თურქეთიდან ევროპის მიმართულებით“, – განაცხადა ფერაძემ.

ამასთან, მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა საერთაშორისო ბაზარზე.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო პირველ რიგში დაუკავშირდა თურქეთის რკინიგზას სამატარებლო ხაზით, ამით უკავშირდება ცენტრალურ აზიას, ასევე აფრიკის ქვეყნებს ხმელთაშუა ზღვის დახმარებით. დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე სიანის პროვინციიდან წამოსული 42 ვაგონიანი მატარებელი, რომელიც მიემართება ჩეხეთის რესპუბლიკაში, გადაკვეთს თურქეთ-საქართველოს საზღვარს“, – განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა.

მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში გადაზიდული ტვირთების რაოდენობა გასულ წელს 150-170 ათასი ტონა იყო.

„ეს არის საწყისი ეტაპი და ვფიქრობთ, მომავალი წლის ბოლოსთვის გავზრდით დაახლოებით 800 ათასიდან მილიონ ტონამდე. რაც შეეხება იმას, რას ვაკეთებთ ტვირთების გასაზრდელად, აქ არის სატარიფო პოლიტიკის საკითხი, ურთიერთობა თურქულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებთან. დავდივართ საგარეო პლატფორმებზე,  ერთ-ერთი კარგი მაგალითია „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც დიდ პოტენციალს აძლევს, როგორც „საქართველოს რკინიგზას“, ისე ტრასპორტის სექტორს, რათა განვითარდეს ჩვენი მიმართულება“, – განაცხადა რკინიგზის დირექტორმა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი მიზანია, რეგიონის სატრანსპორტო ჰაბი გახდეს.

დავით ფერაძე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი დღეს გაიხსნა და ხვალ დასრულდება.