დავით ფანჯაკიძე – სიტყვა ბრაზის ან სიძულვილის გამოხატვის ყველაზე უწყინარი საშუალებაა, ამ სარქველსაც თუ დავხურავთ, სტიმულს ვაძლევთ უფრო მძიმე ფორმებს, არ შეიძლება, ვარეგულიროთ, ვინ რა უნდა ილაპარაკოს

01:48, 15.07.2026

ცალსახად მიმაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლება აბსოლუტურია და არ შეიძლება, აქ შემოვიყვანოთ სახელმწიფო და ვარეგულიროთ, ვინ რა უნდა ილაპარაკოს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თბილისის საკრებულოს წევრმა, დავით ფანჯაკიძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.

„ზოგადად, ბილწსიტყვაობა, გინება, ან ადამიანების შეურაცხყოფა ცუდია, ამას გვასწავლიდნენ სკოლაში, მშობლები, მშობლების მეგობრები. იმასაც გვასწავლიდნენ, რომ ასეთ ქცევას შეიძლება, მოჰყოლოდა ჩვენი პასუხისმგებლობა და დავსჯილიყავით კიდეც, თუმცა ვერ ვიხსენებ, ვინმეს მიეთითებინა, რომ ჩვენ პასუხს ვაგებდით ფორმიანი ბიძიების, ანუ პოლიციელების წინაშე. ეს სწორიცაა, რადგან ადამიანები ბევრ რამეს ვაკეთებთ ცხოვრებაში არასწორს, ხანდახან შეიძლება, წამოგვცდეს ცუდი სიტყვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მოგვადგეს პოლიცია და სასამართლო. მეორე კუთხით, ზოგადად, სიტყვა, ენა, ეს ყველაზე უწყინარი საშუალებაა ადამიანის ბრაზის, ან სიძულვილის გამოხატვის. მაგალითად, გამიგია, რომ გინება არის უკანასკნელი სარქველი ბრაზის გამოშვების, ხოლო ჩვენ ამ სარქველსაც თუ დავხურავთ, მაშინ სტიმულს ვაძლევთ გაცილებით უფრო მძიმე ფორმების გამოხატვას სწორედ ბრაზისა და სიძულვილის გამოსაშვებად. ამიტომ, მე მიმაჩნია ცალსახად, რომ სიტყვის თავისუფლება აბსოლუტურია და არ შეიძლება, აქ შემოვიყვანოთ სახელმწიფო და ვარეგულიროთ, ვინ რა უნდა ილაპარაკოს“, – განაცხადა ფანჯაკიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის, ევროპული ქვეყნების, სადაც მოქმედებს ანალოგიური, თუ გაცილებით მძიმე სანქციები და ნიშნავს ეს, რომ იქ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება დაცული არ არის, დავით ფანჯაკიძემ განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც ევროპაშია, მოსაწონი არ არის.

„მე რასაც ვატყობ „ქართული ოცნების“ მხრიდან, ყველაფერს ცუდს კარგად აკოპირებს და ყველაფერ კარგს მაინცდამაინც ისე კარგად ვერ აკოპირებს. რა ვიცი, მოვაწყოთ კარგი სასამართლო, მოვაწყოთ ისეთი მმართველობა, რომ არ იყოს ერთპიროვნული, სამართალდამცავი სისტემა ვაქციოთ ისედაც, რომ ადამიანებს კი არ დევნიდნენ, არამედ აცილებდნენ. ზოგადად, სხვა რამეში მივბაძოთ ევროპელებს და არა იმაში, რაშიც ისინი მაინცდამაინც არ გამოირჩევიან. ჩემი აზრით, ევროპაში ბევრი რამ კეთდება თავისუფალი სიტყვის საწინააღმდეგოდ და ამას კი არ უნდა ვბაძავდეთ, უნდა ვაკრიტიკებდეთ და მოვუწოდებდეთ, რომ რაღაც არასწორს აკეთებენ“, – განაცხადა ფანჯაკიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ უყურებს სოციალურ ქსელებში მიმდინარე პროცესს და  რა შეიძლება, იყოს ჩამკეტი მექანიზმი სოციალურ ქსელებში მიმდინარე საჯარო შეურაცხყოფის, ცილისწამების და სიძულვილის ენის გამოყენების, დავით ფანჯაკიძემ განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლებაც უფლებაა.

„აქ ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ფორმებზე, ოღონდ, ჩვენ რაღაც არ მოგვწონს, რადგან გამოხატვისას ადამიანები იყენებენ უცენზურო სიტყვებს და აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმაა, ხომ? ადამიანები ამას იყენებენ, მაგრამ, არ ვიცით, ამის აკრძალვის მერე რა ფორმებს გამოიყენებენ თავისი აზრის განვითარებისთვის, ან რაღაც აზრზე თუ არ ექნებათ მიმღებლობა, რა ქმედებას განახორციელებენ. სწორად ამაზე ვუსვამდი ხაზს, რომ სიტყვა და ენა არის ყველაზე უწყინარი საშუალება ამ გამოხატვის გამოხატვის ფორმებიდან“, – განაცხადა ფანჯაკიძემ.

მსგავსი