დავით დვალი - „რუსთავი 2“-თან მაქვს დამოკიდებულება, როგორც ჩემი შვილის მიმართ, რომელიც თუ კარგად იქნება, ბედნიერი ვიქნები
დავით დვალი - „რუსთავი 2“-თან მაქვს დამოკიდებულება, როგორც ჩემი შვილის მიმართ, რომელიც თუ კარგად იქნება, ბედნიერი ვიქნები

„რუსთავი 2“-ის მიმართ მაქვს დამოკიდებულება, როგორც ჩემი შვილის მიმართ, რომელიც თუ კარგად იქნება, ბედნიერი ვიქნები, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხვედრა იმართება.

მისი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ მას და ჯარჯი აქიმიძეს ჰქონდათ იდეა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საზოგადოებრივად გარდაექმნათ და ჟურნალისტებისთვის გადაეცათ, რაც ვერ რეალიზდა.

„ვარდების რევოლუციის შემდეგ, ჯერ კიდევ თებერვალში, მე და ჯარჯი გამოვედით იდეით, რომ იქნებ საზოგადოებრივად გადავაკეთოთ „რუსთავი 2“ და ჟურნალისტებს გადაეცეს. ძალიან სამწუხაროა, რომ მაშინ ვერ რეალიზდა გარკვეული ათასი ობიექტური მიზეზის გამო.

არ მინდა, რომ რაღაც გარანტირებული დაპირება დავდო, უბრალოდ მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ამ შემთხვევაში, მთელი ეს 15 წელი მამოძრავებს ერთი – ეს უსამართლობის განცდა, რომ რატომ? ამდენი ვიწვალე, ამდენი გავაკეთე, ჩემი შრომით გავაკეთე, მერე მოვიდა ვიღაც და მითხრა, რომ არა, გენაცვალე, ახლა მე მჭირდება. ერთი ეს მაწუხებს, რომ რაღაცნაირად სამართალმა პური ჭამოს და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, საერთოდ არ ვებღაუჭები იმას, რომ არიქა, ჩემი უნდა იყოს და ვაკონტროლო, დავიბრუნე, ჩემია და რაღაც ამგვარი, ეს დამოკიდებულება უკვე აღარ მაქვს „რუსთავი 2“-ის მიმართ.

„რუსთავი 2“-ის მიმართ მაქვს დამოკიდებულება, როგორც ჩემი შვილის მიმართ, რომელიც თუ კარგად იქნება, ბედნიერი ვიქნები. თუ კარგად იქნება ჟურნალისტებთან ერთად და ჟურნალისტების მფლობელობაში, არ გამაჩნია კომპლექსი იმისა, რომ საკონტროლო პაკეტი ისევ მე უნდა მქონდეს ან საერთოდ რამე პროცენტი მქონდეს, პირდაპირ ვიტყვი მაგასაც. იქნებ ისევ მივუბრუნდეთ მერე იმ ფორმატს, თუ ოდესმე ეღირსა და სამართალი აღდგა, რომ იმ ხალხს მივცეთ ბერკეტები ტელევიზიის მართვის და ფლობის, რომ ვიღაცის ხელში ჩავარდნის მორიგი მცდელობის შესაძლებლობა შემცირდეს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის”, – განაცხადა დვალმა.