დავით დვალი - რაღაც შელოცვას ჰგავს ფრაზა, რომ „რუსთავი 2“-ში სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება
დავით დვალი - რაღაც შელოცვას ჰგავს ფრაზა, რომ „რუსთავი 2“-ში სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება

მეპატრონის გაუმჭვირვალობა ძალიან დიდ პრობლემას ქმნიდა „რუსთავი 2“-ში, დღემდეც ქმნის და შეიძლება, მომავალშიც შექმნას, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დამოუკიდებელ დეპუტატებს და დაინტერესებულ პირებს ხვდება.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-ში სარედაქციო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, შესაცვლელია.

„მეპატრონის გაუმჭირვალობა ძალიან დიდ პრობლემას ქმნიდა „რუსთავი 2“-ში, დღემდეც ქმნის და შეიძლება, მომავალშიც შექმნას. შეიძლება ხმამაღლა ვთქვა და ვიღაცას ყური მოჭრას, მაგრამ მაინც ვიტყვი ამას, არ მეშინია, რაღაც შელოცვას ჰგავს ის ფრაზა, რომ სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება, რადგან არ მჯერა არც ერთი წამით, რომ არ შეიცვლება. სარედაქციო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, შესაცვლელია. ტაბუები უნდა აეხსნას რაღაც თემებს, რომლებიც სამწუხაროდ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ზეგავლენის ქვეშაა და ის მფლობელი სადღაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის უკან იკარგება. ის თემები და მათგან წამოსული დღის განრიგიც უნდა მოიხსნას და ტელევიზია უნდა იყოს მართლა თავისუფალი. მართლა უნდა ასახავდეს იმას, რაც დღეს ხდება და რაც გვაღელვებს; სად დარღვევაა, სად კორუფციაა, სად კრიმინალია, სად დანაშაულია და ა.შ., მიუხედავად და მიუკერძოებლად იმისა, თუ რომელი ჯგუფი რას აკეთებს და როგორ აკეთებს.

შემიძლია, გითხრათ, რომ ჩემი ხედვა „რუსთავი 2“-ის მომავლის ასეთია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც დღეს არიან „რუსთავი 2“-ში, ეს ფორმულა იქნება ძალიან მისაღები. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც დაკვეთების კეთება არავის არ სიამოვნებს“, – განაცხადა დავით დვალმა.