დავით დვალი - ქიბარ ხალვაში არ დაგვკავშირებია
დავით დვალი - ქიბარ ხალვაში არ დაგვკავშირებია

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაში მასსა და ჯარჯი აქიმიძეს არ დაკავშირებია და საჯარო მილოცვის გარდა, მასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

მისი თქმით, შესაბამისად, საეჭვოა, როცა ქიბარ ხალვაში პარტნიორობაზე საუბრობს, თან უკვე მენეჯერს არჩევს ისე, რომ დამფუძნებლებს არ შეხმიანებია.

„ქიბარ ხალვაში არ დაგვკავშირებია, არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია გარდა იმისა, რაც ღიად, საჯაროდ მივულოცეთ და მანაც გამოთქვა საჯაროდ. არანაირი უშუალო კონტაქტი არ გვქონია და ეჭვებთან დაკავშირებით განცხადება ზუსტად ამის გამოძახილია. რა თქმა უნდა, ცოტა საეჭვოა, როცა ადამიანთან პარტნიორობაზე ლაპარაკობს და თან უკვე მენეჯმენტს არჩევს ისე, რომ არც შეგვხმიანებია“, – განაცხადა დავით დვალმა.

მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ ითხოვს პროკურატურისგან სამართლებრივ სტატუსს, რომ ერთი ადამიანის კეთილგანწყობაზე არ იყოს დამოკიდებული, დაუბრუნდება თუ არა „რუსთავი 2“.

„ეს არის ქიბარ ხალვაშის ინიციატივა, მისი კეთილი ნება, ვერ დავავალდებულებ. ზუსტად ამიტომ ვითხოვთ ჩვენ პროკურატურისგან, რომ მჭირდება სამართლებრივი სტატუსი და არა ის, რომ ერთი კერძო ადამიანის კეთილგანწყობაზე არის დამოკიდებული, დამიბრუნდება თუ არა „რუსთავი 2“. ეს არის მთელი პრობლემა და ჩვენი განცხადებების დედააზრი“, – განაცხადა დავით დვალმა.