დავით დვალი - ვერ დავიჯერებ, რომ ქიბარ ხალვაშმა ასეთ დოკუმენტს ხელი მოაწერა და მშვიდად აგრძელებდა ბრძოლას „რუსთავი 2“-ისთვის
დავით დვალი - ვერ დავიჯერებ, რომ ქიბარ ხალვაშმა ასეთ დოკუმენტს ხელი მოაწერა და მშვიდად აგრძელებდა ბრძოლას „რუსთავი 2“-ისთვის

ვერ დავიჯერებ, რომ ქიბარ ხალვაშს ასეთ დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი და მშვიდად აგრძელებდა ბრძოლას „რუსთავი 2“-ისთვის, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ღრმად არის დარწმუნებული, რომ ხელმოწერა, რომელზეც ოქრუაშვილი საუბრობს, ფალსიფიცირებულია.

„საერთოდ, მგონია და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის ხელმოწერა ფალსიცირებულია. ვერ დავიჯერებ, რომ ქიბარ ხალვაშს ხელი აქვს მოწერილი ასეთ დოკუმენტზე და მშვიდად აგრძელებდა ბრძოლას „რუსთავი 2“-ისთვის, რადგან ეს აუცილებლად წინ დახვდებოდა. შეიძლება შეთქმულების თეორიად ჟღერს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, ამ თავისი ხელმოწერით, ბრალდებებით და ინსინუაციებით, რაც იმ წართმევის პერიოდს ეხება, უბრალოდ ხელისუფლების ტროლია. მგონია, რომ მისი ეს ვითომ ხელმოწერა არის დამოკლეს მახვილი, რომელიც ქიბარ ხალვაშის თავზეა ჩამოკიდებული. ანუ განცდა მაქვს, რომ ქიბარ ხალვაშსაც არ ენდობიან ბოლომდე და შესაბამისად, რაღაც მექანიზმს იტოვებენ იმისათვის, თუ ვთქვათ ისე არ განვითარდა სცენარი, აამოქმედონ ბერკეტი მის წინააღმდეგ. ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ამ შემთხვევაში, ირაკლი ოქრუაშვილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს. შესაძლოა ვცდები, მაგრამ ეს არის ჩემი დაკვირვება და ჩემი აზრი“, – განაცხადა დავით დვალმა.

ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.

„რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში 24 ივლისს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად მივიდა და ექსპერტიზისთვის ხელმოწერის ნიმუში დატოვა.

ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ქიბარ ხალვაშის ხელმოწერასთან დაკავშირებით კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნას ერთ თვეში გამოიტანს.