დავით დვალი - განცდა მაქვს, რომ პროკურატურა გამიზნულად აჭიანურებს ჩვენი საქმის დასრულებას
დავით დვალი - განცდა მაქვს, რომ პროკურატურა გამიზნულად აჭიანურებს ჩვენი საქმის დასრულებას

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები – ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი პროკურატურას მათ საქმეზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

დღეს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე აქიმიძემ და დვალმა ეჭვი გამოთქვეს, რომ საქმის დასრულებას საგამოძიებო უწყება განზრახ აჭიანურებს, რათა მათ სამართლებრივი დავის ბერკეტები დაკარგონ.

მათი განმარტებით, ერთ წელიწადში საქმეს ხანდაზმულობის ვადა გასდის და თუკი ამ პერიოდში საქმეზე ბრალი არავის წაუყენეს, ქვეყნის ფარგლებს შიგნით „რუსთავი ორის“ დაბრუნებისთვის დავის ყველა სამართლებრივ მექანიზმს დაკარგავენ.

ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა პროკურატურას ტელეკომპანიის წილების იძულებით დათმობის ფაქტზე გამოძიების დაწყება 2012 წლის ნოემბერში სთხოვეს.

მას შემდეგ, როგორც ისინი განმარტავენ, ყველა მოწმე დაიკითხა და გამოიკვეთა სავარაუდო დამნაშავეების, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების – მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის გვარებიც.

„პირადად მე, განცდა მაქვს, რომ პროკურატურა გამიზნულად აჭიანურებს დროს, რათა ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდეს, რომ ჩვენ აღარ გაგვაჩნია რაიმე სამართლებრივი ბერკეტი ქვეყნის შიგნით ვიდავოთ ამ საქმეზე. ამას სრულიად გამიზნულად აკეთებენ“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე დავთ დვალმა.

დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ინტერესების დამცველი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ თუ ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე დარჩენილ ერთ წელიწადში საქმეზე ბრალი არავის წაუყენეს, მაშინ დამფუძნებლებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოუწევთ დავა.

,, საქმე იქნება ხანდაზმული და იძულებული ვიქნებით, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევისთვის, რადგან სახელმწიფომ ფაქტობრივად არ მოიძია, არ დაიცვა დაზარალებული პირების უფლებები“, – განმარტა ადვოკატმა პრესკონფერენციაზე.

ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს შეკითხვები აქვთ იუსტიციის სამინისტროსთანაც.

როგორც დამფუძნებლები ამბობენ, სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი ორის“ საქმეზე სახელმწიფოს და კონკრეტულად იუსტიციის სამინისტროს შეკითხვები გამოუგზავნა, წულუკიანის უწყებამ კი ვებგვერდზე შეკითხვების მხოლოდ ინგლისური ვერსია განათავსა სრულად და თან დაურთო შემოკლებული ქართული თარგმანი, რომელშიც რამდენიმე შეკითხვა არ არის, მათ შორის არც ის კითხვა, რომელსაც ადამ იანის უფლებათა ევროპული სასმართლო „რუსთავი ორის“ დამფუძნებლების ვინაობის შესახებ სვამს.

როგორც აქიმიძე და დვალი ამბობენ, ამის თაობაზე სამინისტროს წერილიც მისწერეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.