დავით დვალი - ჩვენ წითელი ხაზი გავავლეთ, „რუსთავი 2“-ის კონტროლი ჩვენზე უნდა იყოს
დავით დვალი - ჩვენ წითელი ხაზი გავავლეთ, „რუსთავი 2“-ის კონტროლი ჩვენზე უნდა იყოს

ჩვენ წითელი ხაზი გავავლეთ, „რუსთავი 2“-ის კონტროლი ჩვენზე უნდა იყოს, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა ჯარჯი აქიმიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არ მიიღებენ მონაწილეობას ფარსში, რასაც კანონიერი მფლობელისთვის „რუსთავი 2“-ის დაბრუნება ჰქვია.

„ხელისუფლებისთვის მიუღებელია ჩვენი განცხადება. ხელისუფლებამ კონკურენციის პირობებშიც კი არ გაგვიშვა. გამოძიება გააჩერა და ჰაერში შეკიდა. ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილია. აბა, ხელისუფლება კიდევ ვინ არის? ოთხი პროკურორი გამოცვალა და ოთხივეს რატომღაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩვენს გამოძიებას სვლა არ მისცენ. ხომ ფაქტია, რომ ზემოდან არის და ეს სურვილი გავლენიანი ადამიანისგან მოდის, რომ ჩვენი საქმე გაჩერებული იყოს. შვიდი წელი გავიდა და იმის მაგივრად, რომ რაღაც სამართლებრივი შეფასება მისცემოდა 2004 წელს მომხდარ ამბებს და ხელში რაღაც სამართლებრივი ბერკეტი გვქონოდა, ამის მაგივრად, სამთავრობო ტროლებისგან ლანძღვასა და დისკრედიტაციის მცდელობას ვიღებთ. თურმე უმადურები ვართ, რომ 40 პროცენტს არ ვთანხმდებით. ეს ფონი და სისტემა ჩვენთვის მიუღებულია. ჩვენ რაღაც მთხოვნელის როლში გამოვდივართ. რაც ჩვენ კანონით გვეკუთვნოდა, უსამართლოდ წაგვართვეს, გამოვედით, რომ მთხოვნელების როლში ვართ. პროკურატურისგან პასუხს ჯერ კიდევ ველოდებით, ჩვენს საქმეს გაუვიდა თუ არა ხანდაზმულობის ვადა. რაღაც ვადა არის, რომელიც ჯერ არ ამოწურულა. შეიძლება რაღაც ნიუანსები პრობლემა იყოს, მაგრამ საქმე არც ისე ცუდადაა. როცა დოკუმენტი ხელში გვეჭირება, უფრო დეტალურად გაგაცნობთ.

ჩვენ წითელი ხაზი გავავლეთ, ამ ტელევიზიის კონტროლი ჩვენზე უნდა იყოს. არ იქნება კონტროლი და მე ვერანაირ გარანტიას ვერ ვიძლევი, რომ ვითარება „რუსთავი 2“-ში წავა და განვითარდება ისე, რომ ჩვენთვის მისაღები იყოს. შესაბამისად, მონაწილე არ ვიქნებით. ამ ფარსში არ მივიღებთ მონაწილეობას, რასაც კანონიერი მფლობელისთვის „რუსთავი 2“-ის დაბრუნება ჰქვია“, – განაცხადა დავით დვალმა.

ამასთან, როგორც ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა იტყვის, რომ მათ მიმართ 2004 წელს დანაშაული მოხდა და საქმის სასამართლო განხილვა დაიწყება, ასევე ეტყვიან, რომ „რუსთავი 2“-ის წილების 60 პროცენტი გადაეცემათ, ის და დავით დვალი ტელეკომპანიაში შევლენ.

დატოვე კომენტარი