დავით დონდუა - რომ არ მოხდეს საომარი მოქმედებების განახლება, აუცილებელია, საოკუპაციო ჯარებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია
ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია და მისი გაგრძელებაა საჭიროა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით დონდუამ ჟენევაში განუცხადა.
„ამ საკითხში გრიგორი კარასინს ვეთანხმები და ყველა მონაწილე ამ აზრზეა, მაგრამ რომ არ მოხდეს საომარი მოქმედებების განახლება, ამისათვის ჟენევაში წელიწადში ოთხჯერ შეკრება საკმარისი არ არის. ამისათვის აუცილებელია, რომ უკანონო შეიარაღებულმა ძალებმა, საოკუპაციო ჯარებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია“, – განაცხადა დავით დონდუამ.
მისივე თქმით, უნდა აღიკვეთოს ის პროვოკაციები, რომლებსაც აქვს ადგილი.
„უნდა მოიხსნას ხელოვნური ბარიერები, რომლებიც მოსახლეობას ხელს უშლის მიმოსვლაში და შერიგებაში, უნდა შეწყდეს უკანონო დაკავებები, გატაცებების პრაქტიკა და უნდა იყოს უზრუნველყოფილი ელემენტარული უფლებები, რომლებიც იქ მცხოვრებ საქართველოს მოსახლეობას წართმეული აქვს. ეს პროვოკაციებია საფრთხე და მათ მოგვარებამდე, სიტუაცია იქნება ფეთქებად საშიში“, – აღნიშნა დონდუამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა დღეს განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ არ იყოს ჟენევის მოლაპარაკებები, სამ-ექვს თვეში განახლდებოდა საომარი მოქმედებები.