დავით დონდუა - რასაც რუსები აკეთებენ, არის პოლიტიზება, ტატუნაშვილის საქმეზე არ აქვთ პასუხები და გადადიან შეტევაზე
დავით დონდუა - რასაც რუსები აკეთებენ, არის პოლიტიზება, ტატუნაშვილის საქმეზე არ აქვთ პასუხები და გადადიან შეტევაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებს არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზის დასკვნა გადასცა.

„საკმაოდ სქელტანიანია დოკუმენტი და მის გაცნობას დრო სჭირდება. ამის გარეშეც ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს. ჩვენ კონკრეტული კითხვები გვქონდა და დასკვნის წაკითხვის გარეშეც შეიძლებოდა მიგვეღო პასუხები. დასკვნის თარგმანი მივეცით ყველა მონაწილეს. დასკვნა გადავეცით იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ სრული წარმოდგენა, რა სახის და რა დონის ტრაგედია დატრიალდა“, – აღნიშნა დავით დონდუამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საუბარს საკმაო დრო დაეთმო.

„ვრცლად ვისაუბრეთ ამ ტრაგიკულ შემთხვევაზე. აღვნიშნეთ, რომ ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა, არამედ ვთქვით, რომ ამან უკვე სახიფათო ტენდენციის სახე მიიღო. საჭიროა, კითხვებზე ადეკვატური პასუხების გაცემა, დამნაშავეების დასჯა და მართლმსაჯულების აღსრულება. სრული მხარდაჭერა იყო თანათავმჯდომარეების და აშშ-ის წარმომადგენლების მხრიდან. სამწუხაროდ, მოვისმინეთ ძველი, ცნობილი და არაფრისმთქმელი რიტორიკა. რამდენჯერმე გავაპროტესტეთ და მოვთხოვეთ კონკრეტული პასუხები. თუ ამბობენ, რომ ეს იყო გულის შეტევით გარდაცვალება და არა მკვლელობა, მაშინ სად არის გული, სად არის ორგანოები, რომელთა ექსპერტიზითაც უნდა დადგინდეს რეალური მიზეზი. როცა ამ კითხვებზეც ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ, ეს კითხვები პირდაპირ დავუსვით მოლაპარაკების მონაწილეებს რუსეთიდან. ექსპერტიზა ჩატარდა რუსეთის ტერიტორიაზე და ცხადია, რომ დასკვნა, რომელიც ცხინვალმა მოგვაწოდა არის რუსი ექსპერტის მიერ დაწერილი. დავსვით კონკრეტული კითხვა. თუ ეს იყო გულის შეტევა, მაშინ სად არის გული, თუ ეს იყო ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მაშინ სად არის ღვიძლი, თუ ეს იყო ჩაქცევა, მაშინ სად არის ტვინი. მოვისმინეთ დადანაშაულება ზედმეტ ემოციებში და საკითხების ზედმეტად პოლიტიზებაში. რასაც აკეთებენ რუსები, სწორედ ესაა პოლიტიზება. ძალიან კონკრეტულ კითხვებზე არ აქვთ პასუხი და გადადიან შეტევაზე. მთელი დღე ამაზე იყო საუბარი. სამწუხაროდ, შინაარსიანი პასუხი ვერ მივიღეთ“, – აღნიშნა დავით დონდუამ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი მიმდინარეობს.