დავით დონდუა - ძალის გამოყენება მარტო სროლას არ ნიშნავს, ძალის გამოყენებაა მუქარაც
დავით დონდუა - ძალის გამოყენება მარტო სროლას არ ნიშნავს, ძალის გამოყენებაა მუქარაც

რუსეთს ვალდებულებები არ შეუსრულებია, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით დონდუამ ჟენევაში განუცხადა.

დონდუა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„დღეს კარასინმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 2008 წელს შეასრულეს, წინა რაუნდზე თქვა, რომ რუსეთმა ხელშეკრულება შეასრულა 2010 წელს და თარიღიც დაასახელა. ფაქტია ის, რაც შავით თეთრზე წერია და რაზეც არის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ხელმოწერა. ეს ვალდებულებები რუსეთს არ შეუსრულებია. საქართველომ და რუსეთმა არ უნდა გამოიყენონ ძალა ერთმანეთის წინააღმდეგ, მხარეებმა უნდა გაიყვანონ შეიარაღებული ძალები იმ პოზიციებზე, რომლებზეც ისინი მდებარეობდნენ აგვისტოს ომის დაწყებამდე“, – აღნიშნა დონდუამ.

მისივე თქმით, საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა.

„რუსეთის საოკუპაციო ძალები დგანან საქართველოს ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალები აგრძელებენ არამარტო ყოფნას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, არამედ ხდება მათი წვრთნა, განახლება, როტაცია, შეიარაღებით შევსება. საერთაშორისო სამართლით ეს არის ძალის გამოყენება. ძალის გამოყენება მარტო სროლას არ ნიშნავს. ძალის გამოყენებაა მუქარაც. არ ვიცი, რატომ დაასახელა კარასინმა 2008 წლის ოქტომბერი, ადრე სხვა თარიღი მოვისმინეთ. ვალდებულებები შეუსრულებელია და სამივე თანათავმჯდომარე, მათი წარმგზავნი ორგანიზაციები და მთელი საერთაშორისო საზოგადოება ერთსულოვანია“, – განაცხადა დონდუამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა დღეს ჟენევაში განაცხადა, რომ 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტი სრულად არის შესრულებული.