დავით დონდუა - ჟენევის მოლაპარაკებების საიუბილეო რაუნდი კარგი საშუალებაა, თვალი გადავავლოთ, რისი მიღწევა შევძელით და რა არის გასაკეთებელი
დავით დონდუა - ჟენევის მოლაპარაკებების საიუბილეო რაუნდი კარგი საშუალებაა, თვალი გადავავლოთ, რისი მიღწევა შევძელით და რა არის გასაკეთებელი

ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებიდან 10 წელი სრულდება.

როგორც პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განუცხადა, მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი ერთგვარი საიუბილეო რაუნდია, რომელიც დღის წესრიგიდან გამომდინარეც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება.

„10 წელი სრულდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დაწყებიდან. ეს რაუნდი კარგი საშუალებაა, თვალი გადავავლოთ იმას, თუ რისი მიღწევა შევძელით ამ 10 წლის განმავლობაში, რა ვერ გაკეთდა, რას ვერ მივაღწიეთ და რა არის გასაკეთებელი, რათა მომავალში გადავდგათ წინ ნაბიჯები კონფლიქტის სრულყოფილი მოგვარებისთვის. ჟენევის მოლაპარაკებები არის საკმაოდ უნიკალური და კარგი ფორმატი. ისე არ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ჟენევა მარტო წელიწადში ოთხჯერ შეხვედრაა. ეს არის საკმაოდ დიდი მექანიზმი, რომელიც მოიცავს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ყოველთვიურ შეხვედრებს, ტექნიკურ შეხვედრებს, ცხელ ხაზს, რომელიც 24 საათი მოქმედებს, თანათავმჯდომარეების ვიზიტებს საქართველოში, კონფლიქტურ მხარეებს ანუ საქართველოსა და რუსეთს შორის მედიაციას მთელი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა დავით დონდუამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ჟენევის ფორმატის დამსახურებაა, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონდა კონფლიქტის კიდევ უფრო მეტად ესკალაციას, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

„რუსეთს არ გაუყვანია თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და პირიქით, ხდება მუდმივი როტაცია, შეიარაღების განახლება, წვრთნები, სამხედრო ვარჯიშები, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა, გატაცებები, მავთულხლართები, ყოველდღიური პროვოკაციები და ამის ფონზე ვინარჩუნებთ მეტ-ნაკლებ სტაბილურობას, რაც მედიაციისა და ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის დამსახურებაა, ანუ ერთგვარი კრიზისის მენეჯმენტი. ეს კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კონფლიქტის მოგვარების პროგრესზე ვილაპარაკოთ. ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი და ამ მოუგვარებელი კონფლიქტის პირობებში რომ მოვახერხოთ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის შევქმნათ უკეთესი პირობები. ეს ეხება უსაფრთხოებას და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ ვითარებას. ეს არის ის, რაც მომავალში გასაკეთებელია“, – განაცხადა დავით დონდუამ.

ჟენევაში პირველი შეხვედრა 2008 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა. მოლაპარაკებების საიუბილეო, 45-ე რაუნდი გაერო-ს ოფისში დღეს გაიხსნება.