დავით დარჩიაშვილი - მიშა არ არის ბელადი, მიშა არის იდეა, რომელმაც გაგვაერთიანა
მიშა არის იდეა, რომელმაც გაგვაერთიანა და როგორც კი ის აღარ არის ჩვენ გვერდზე, ჩვენ სხვა ამოცანა არ გვაქვს, თუ არა მისი დაბრუნებისა, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, დავით დარჩიაშვილმა რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც დავით დარჩიაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ იყვნენ და დღესაც არიან ადამიანები, მაგრამ ყველაფერს სჭირდება ძრავა და მიშას ენერგია, მიშას გონება იყო ის ძრავა, რომელიც ამ ქვეყანას წინ მიაქანებდა.
„ეს სულმოკლე ადამიანები, ვინც დღეს სრულიად უკანონოდ არჩევნების გაუქმებით, ძალადობით, ფულით, დაშინებით, ადამიანურ სისუსტეებზე თამაშით, მოტყუებით, მანიპულაციებით, ჭორებით, ყველაფერ იმით, რითაც იყო ცნობილი საბჭოთა კავშირი და რაც ყველაფერი შეიძინა, შეიწოვა და გააცოცხლა ამ ადამიანმა, გვეძახიან ჩვენ ბელადომანებს. ჩვენ არ ვართ ბელადომანები. მიშა არ არის ბელადი. აქ ბევრია ის ადამიანი და მეც, რომელსაც გვიკამათია მიშასთან. ზოგჯერ ეს კამათი შეიძლება უთანხმოებაშიც გადასულიყო, მაგრამ ის ყველაფერი ეხებოდა კონკრეტულ საკითხებს, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ამოცანებს, რა იყო პირველადი, რა იყო მეორადი. ამ დროს მიშა არის იდეა, რომელმაც გაგვაერთიანა და როგორც კი ის აღარ არის ჩვენს გვერდზე, ჩვენ სხვა ამოცანა არ გვაქვს, თუ არა მისი დაბრუნებისა. მან მე პირადად ორჯერ გამიღვიძა მიძინებული განცდა, რომ ამ ქვეყანას აქვს არა მარტო დიდი წარსული, რაც ისტორიკოსებმა აღწერეს, არამედ შესაძლებელია გვწამდეს მისი აწმყოც და მისი მომავალიც. პირველად ეს იყო 2003 წელს, როდესაც სახელმწიფო, რომელიც ჩემთვის უცხო იყო, ვიცოდი, რომ ეს იყო განმეორება ნარჩენი საბჭოთა კავშირისა, უცებ შეანჯღრია, უცებ მართლაც და თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე შეაყენა და ეს იყო მიშა სააკაშვილი. მის ირგვლივ იყვნენ და დღესაც არიან ადამიანები, ბევრნი აქ ხართ, ვინც მაშინაც იყო მის გვერდით, მაგრამ ყველაფერს სჭირდება ძრავა და მიშას ენერგია, მიშას გონება იყო ის ძრავა, რომელიც ამ ქვეყანას წინ მიაქანებდა. მეორედ ეს იყო 2021 წელი, ამ 9-წლიანი უდროობის, უჟამობის, მოლოხის ბატონების პერიოდში უცებ დაბრუნდა მიშა, კვლავ ჩაგვესახა იმედი. ეს კედლები არაფერია იმ იმედთან შედარებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვაერთიანებს, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მიხეილ სააკაშვილს. ეს არის საქართველოს გადარჩენის გზა, დღეს ასე მოიტანა განგებამ და ჩვენ ვიდგებით ამ განგების სამსახურში, სადამდეც საჭირო იქნება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.