დავით დარჩიაშვილი - უფრო სანდოა ის რუკები, რომელზეც მიუთითებს ივერი მელაშვილი, თუ სხვანაირად ვთვლით, საერთაშორისო ექსპერტიზაა საჭირო და არა პროკურატურაში გარჩევა
დავით დარჩიაშვილი - უფრო სანდოა ის რუკები, რომელზეც მიუთითებს ივერი მელაშვილი, თუ სხვანაირად ვთვლით, საერთაშორისო ექსპერტიზაა საჭირო და არა პროკურატურაში გარჩევა

დავით დარჩიაშვილმა თითქმის სამსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, საგამოძიებო იწყება დატოვა.

როგორც ყოფილმა პარლამენტარმა განაცხადა, გამომძიებლებმა შეკითხვები დაუსვეს მისი პარლამენტში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით, კერძოდ 2012 წელს დავით გარეჯის თემაზე გაკეთებული განცხადების თაობაზე.

„ჯონდი ბაღათურიას საპასუხოდ, ჩემ მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსს ვარჩევდით ძირითადად, თუმცა – არამხოლოდ. მიუხედავად ძალიან ზრდილობიანი დამოკიდებულებისა, რაც პროკურატურის წარმომადგენელმა ჩემ მიმართ გამოიჩინა, აბსოლუტურად არ არის გაცნობიერებული, რა განსხვავებაა პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას შორის. ის, რაც არის პოლიტიკური დებატების საგანი, თქვენ ილაპარაკებთ რომ საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდეა, თუ ილაპარაკებთ იმაზე, რომ ადმინისტრაციული საზღვარი არის ადმინისტრაციული საზღვარი, რომელიც გაერო-მ აღიარა და ჩვენ ამ საზღვარს უნდა გავსდიოთ ზუსტად, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური მსჯელობის საკითხები და არაფერი საქმე ამასთან პროკურატურას არ უნდა ჰქონდეს. ამას როცა გაიგებენ, მაშინ შეიძლება დავცილდეთ საბჭოთა კავშირს, მანამდე ვერა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, გამოკითხვისას ჰკითხეს, ზოგადად რას ფიქრობს და საიდან აქვს ცოდნა გარეჯის შესახებ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რაზე დაყრდნობით განაცხადა 2012 წელს, რომ საზღვარი აზერბაიჯანთან გადის ქედზე და მონასტრის ორი პროცენტი ექცევა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე, დარჩიაშვილმა განაცხადა: „მე კარტოგრაფი არ ვარ, მე ვარ ისტორიკოსი. რუკებისა და განსაკუთრებით კარტოგრაფიული პროფესიული რუკების შესახებ, ესაუბრეთ კარტოგრაფებს. მე მათგან ვიცი, ასევე გამოძიიებასაც ვუთხარი, რომ ჯერ კიდევ სტუდენტობიდან, დავდიოდი გარეჯში და როგორც კი ავდიოდით თხემზე იქაურები – სამღვდელოების წარმომადგენლები, გეოლოგები, მხატვრები სხვადასხვა ხალხი გვეუბნებოდნენ ხოლმე რომ თხემის იქით უკვე აზერბაიჯანის ტერიტორია იწყება. ეს იყი ჩემი ცოდნა სტუდენტობიდან მოყოლებული. რაიმე სპეციალური გამოკვლევა არ ჩაგვიტარებია, მაგრამ რაც მესმის ჟურნალისტური გამოძიებებიდან, იურისტებიდან, ძალიან ბევრი განცხადებიდან, რაც ბოლო დროს არის, დიახ, თხემზე აქვთ პრეტენზია მათ. ეს არის ერთ-ერთი ვერსია ადმინისტრაციული რუკებისა და ამაზეა საუბარი. თუ შევძლებთ და თხემს იქით გადავალთ, მაგრამ ეს იქნება მეგობრულად და კოლეგიალურ პირობებში საერთაშორისო სამართლის გამოყენებით, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“.

მისი თქმით, საქართველოს პოზიცია უნდა იყოს ის, რაც რეალურად დოკუმენტებითაც არსებობს.

„არსებობს 38 წლის რუკა, უფრო ანდრინდელი და შემდგომი რუკა, მე რაც ვიცი და როგორც პარლამენტარი თუ მოქალაქე, ვალდებული ვარ, ის ვილაპარაკო, რაც ვიცი. მე მჯერა ასე, ის რუკებია უფრო სანდო, რომელზეც მიუთითებს ივერი მელაშვილი, თქვენ სხვანაირად თვლით. ეს უნდა გაირკვეს კარტოგრაფებში, თუ გნებავთ საერთაშორისო კარტოგრაფიულ ექსპერტიზაზეა ეს რუკები გასატანი და არა პროკურატურაში გასარჩევი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.