დავით ჭიჭინაძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა
დავით ჭიჭინაძემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა.

როგორც ჟურნალისტებს ჭიჭინაძემ განუცხადა, მან ხმა კომისიის შექმნის წინააღმდეგ მისცა.

„შემადგენლობას რომ გაეცნობით, ნახავთ, რომ იქ ისეთი ადამიანები შედიან, რომლებიც საზოგადოების ნდობას არ იმსახურებენ. თუ ამ კომისიას უფრო მეტი ნდობა აქვს, ვიდრე პროკურატურას, ამ ქვეყანაში გამოძიების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები ყოფილა. არ მგონია, ეს ხალხი უფრო კომპეტენტური, პატიოსანი და სამართლიანი იყოს, ვიდრე პროკურატურის თანამშრომელი. თუ შეგრძნება არსებობს, რომ პროკურატურას არ ვენდობით და ამ საგამოძიებო კომისიას ვენდობით, მაშინ სერიოზული პრობლემა გვქონია“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ.

დეპუტატის თქმით, გამოძიების შესახებ კითხვები მასაც აქვს.

„კითხვები რომ არ არსებობდეს, ხალხი ქუჩაში არ იქნებოდა. ქვეყანაში უსამართლობის განცდა არავის უნდა დარჩეს და განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ახალგაზრდის სიკვდილს ეხება“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. შესაბამის დადგენილებას და კომისიის შემადგენლობას კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს. კომისიის შექმნას მხარი 95 დეპუტატმა დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი იყო. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომისია 17 წევრისგან შედგება, სადაც ცხრა წარმომადგენელი „ევროპული საქართველოდანაა“, ექვსი – „ქართული ოცნებიდან“, ერთი  – „პატრიოტთა ალიანსიდან“. ასევე, კომისიაში წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალურმა მოძრაობამ” კი, კომისიაში გაწევრიანებაზე უარი თქვა. კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციონერი დეპუტატი სერგი კაპანაძეა, წევრები – ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, სოფიო კილაძე, არჩილ თალაკვაძე, სალომე ზურაბიშვილი და ადა მარშანია.