დავით ჭიჭინაძე - ვინც ფულს იხდის, ტელევიზიას პროგრამას ის უკვეთავს
დავით ჭიჭინაძე - ვინც ფულს იხდის, ტელევიზიას პროგრამას ის უკვეთავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში 200 მილიონ ლარზე მეტი გამოყოფილი თანხები არსებობს, რაც წყალში გადაყრილია, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი დღეს ერთი პროცენტიც არ არის.

დავით ჭიჭინაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობენ.

ჭიჭინაძის თქმით, დარგობრივ კომიტეტში კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ბევრი შეთანხმება იქნა მიღწეული, რომელიც პირველ ეტაპზე თითქოს წარმოუდგენელი იყო.

„კომერციულ რეკლამასა და სტარტაპების თემაზე შეთანხმება ვერ შევძელით, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების პრინციპი, რომელიც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე არის მიბმული, იმას გულისხმობდა, რომ ტელევიზიას დამოუკიდებელი დაფინანსების წყარო ჰქონოდა, რათა არ ყოფილიყო დამოკიდებული არც მთავრობაზე, არც ხელისუფლებაზე და არც პარლამენტზე, მაგრამ ამის საპირისპიროდ კომერციული რეკლამით დაფინანსება შემოდის.

კარგად მოგეხსენებათ, რომ ის ადამიანები რეკლამას ანთავსებენ, რომელთაც თავიანთი პროდუქტის ბაზარზე წაწევა და შეფუთვა სჭირდებათ. შესაბამისად, აქ ის მომენტი ჩნდება, რომელიც გამოირიცხება, რადგან ვინც ფულს იხდის, შემდეგ იმ პროგრამას ის უკვეთავს, რომლითაც ტელევიზიამ უნდა იმუშაოს. ეს ნაწილი იმ პრინციპს ეწინააღმდეგება, რომელიც მთლიან შიდა პროდუქტზე დაფინანსების მიბმაზე იყო ნაგულისხმევი.

ეს ორი შეუთავსებლობა და პრინციპული მოთხოვნა, რომ პირველ არხს კომერციული რეკლამა აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რასაც ინიციატორები ხაზს უსვამდნენ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. თუ ტელევიზიის ყურებადობის გაზომვა უნდათ, ამის სხვადასხვა მეთოდი არსებობს და არა ვთქვათ, კომერციული რეკლამის მეშვეობით გაზომონ, როგორ მუშაობს ტელევიზია.

ყველა ამ ნიუანსის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ კომიტეტმა ცვლილებებს მხარი ერთხმად არ დაუჭირა. სამწუხაროდ, არის მომენტები, როცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ამ ბაზარზე კონკურენცია გავყოთ და გარკვეული ტელევიზიის ლობირება ხელოვნურად არ იყოს მიუხედავად იმისა, რომ ეს ის თანხა არ არის, რაც ამ ტელევიზიას ან იმიჯს შეუცვლის, ან განსაკუთრებულ გარღვევას მოახდენს. ბოლო პერიოდში 200 მილიონზე მეტი გამოყოფილი თანხები არსებობს, რაც წყალში გადაყრილია, რადგან მაუწყებლის რეიტინგი დღეს ერთ პროცენტიც არ არის“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.