დავით ჭიჭინაძე - შეიძლება, კონგრესმენთა წერილებს მოჰყვეს შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, რომ ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური ვითარებაა
დავით ჭიჭინაძე - შეიძლება, კონგრესმენთა წერილებს მოჰყვეს შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, რომ ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური ვითარებაა

შეიძლება, კონგრესმენთა წერილებს მოჰყვეს შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, რომ ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური ვითარებაა, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ჩვენი ეკონომიკა არ არის მდგრადი ეკონომიკა, ძალიან მოწყვლადია და ამ გარე შეფასებებზეა დამოკიდებული. აი, ამ ნაწილშია მათი შეფასებები მნიშვნელოვანი. ახლა, ამ წერილებს შეიძლება, მოჰყვეს იმ შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, რომ ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური ვითარებაა“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, როდესაც უცხოელი ბიზნესმენი ნახავს, რომ საქართველოზე ყველა ჟურნალ-გაზეთში ცუდი იწერება და წაიკითხავს, რომ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა, ქვეყანაში ფულის ჩადებაზე აღარ იფიქრებს.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც პარტნიორები პრობლემაზე მიუთითებენ, ეს გასათვალისწინებელია.

„ეს ახალგაზრდები რომ გამოდიან და კონგრესმენების განცხადებებზე რაღაცებს იძახიან, ბარემ, ერთი სიტყვა, ამერიკელი იმპერიალისტები დაამატონ და მათი გამონათქვამი აბსოლუტურად იქნება საბჭოთა კომკავშირელთა გამონათქვამი. ვენესუელას ლიდერი, მადუროც ასეა. მოყვარეს პირში უძრახეო, ქართველების ნათქვამია, ამერიკელების არა და როდესაც რაღაცაზე მიგითითებენ, უნდა გაითვალისწინო“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, პროპორციული არჩევნები მათი მონაპოვარია და ამ ძალის გვერდით მჯდომი ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ძალა მათ ყოველთვის გადააგდებს.

„ანუ, ის „ქართული ოცნებისგან“ არ განსხვავდება. იმიტომ ვიძახი, რომ ეს დიფუზიაა, ქიმიური პროცესი. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად შესისხლხორცდნენ. ის ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულა და უკვე იძახის, პროპორციული სისტემა ჩემი მონაპოვარიაო, ესენი კი ხელისუფლებაში თავიანთ დარჩენას ქვეყნის გადარჩენას ეძახიან და ჩვენ ამ კომედიას ვუყურებთ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, 2020 წელს საზოგადოებაში ისეთი პოლიტიკური კულტურა ჩამოყალიბდება, რომ ქართული საზოგადოება უკვე გამარგინალებულ ორ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ თავის ადგილს მიუჩენს.