დავით ჭიჭინაძემ რომან გოცირიძეს მიმართა - თქვენი დრო დამთავრდა, რით ვერ გაიგე
დავით ჭიჭინაძემ რომან გოცირიძეს მიმართა - თქვენი დრო დამთავრდა, რით ვერ გაიგე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის განხილვა კამათის ფონზე წარიმართა. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „საქართველოს ბანკის“ ლონდონში წარმოებულ სასამართლო დავაზე ისაუბრა და ეროვნულ ბანკს მოუწოდა, „საქართველოს ბანკს“ რეზერვები გაუზარდოს. ჭიჭინაძის თქმით, თუ „საქართველოს ბანკი“ ლონდონში „აზოტის“ ქარხანასთან დაკავშირებით დაწყებულ დავას წააგებს, ბანკის მეანაბრეების საკითხი რისკის ქვეშ დადგება. ჭიჭინაძეს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „აზოტმა“ ვალი აიღო, რომელიც ვერ გადაიხადა.

„გაკოტრებულ აზოტს იცავ, თუ მეანაბრეებს? თუ გული სისტემის მდგრადობაზე შეგტკივა, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორეა, ქარხანამ 100 მლნ ლარამდე ვალი აიღო, რომელიც ვერ გადაიხადა, ბანკმა ქონება წაიღო. რომ დაებრუნებინა, საქმე სადაო არ იქნებოდა. „აზოტმა“ ვალი აიღო და ნუ წარმოაჩენ, თითქოს, ანგელოზია. ისტორია უნდა მოყვეთ“, – მიმართა ჭიჭინაძეს გოცირიძემ, რასაც მათ შორის კამათი მოჰყვა.

ჭიჭინაძემ გოცირიძე გააკრიტიკა და მას ეროვნული ბანკის ადვოკატი უწოდა.

„თქვენი დრო დამთავრდა, რით ვერ გაიგე? შენ რომ ყოფილიყავი მოსამართლე და თქვენი დრო ყოფილიყო, სასამართლოში შეიძლება ვერ ეჩივლათ. რომან, ეს ინგლისია, წადი და ისტორიით ინგლისის სასამართლოს მიმართე. რომან გოცირიძე საქართველოს ეროვნული ბანკის ადვოკატი ყოფილა და ბანკიდან რაღას გამოუშვით? რომან, ქართულიდან თარჯიმანი გჭირდება, რადგან რაზე ვსაუბრობ, ვერ გებულობ“, – მიმართა გოცირიძეს ჭიჭინაძემ.

თავის მხრივ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განმარტა, რომ ლონდონში „საქართველოს ბანკს“ დედაკომპანია ედავება. მისი თქმით, „საქართველოს ბანკის“ რისკების განსაზღვრა ხდება, რომელიც ეროვნული ბანკის მონიტორინგის ქვეშაა.