დავით ჭიჭინაძე - რაც ყველაზე მიუღებელია ჩემთვის, ამ სასამართლოს აქვს ყველაზე უარყოფითი თვისება, ის მდიდარი კაცის მხარესაა
დავით ჭიჭინაძე - რაც ყველაზე მიუღებელია ჩემთვის, ამ სასამართლოს აქვს ყველაზე უარყოფითი თვისება, ის მდიდარი კაცის მხარესაა

რაც ყველაზე მიუღებელია ჩემთვის, ამ სასამართლოს აქვს ყველაზე უარყოფითი თვისება, ის მდიდარი კაცის მხარესაა, – ამის შესახებ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემა არ არის მიმართული იმ ადამიანებზე, ვისაც ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნია, რომ თავისი სიმართლე დაიცვას.

„მე როგორც ეკონომისტი, როგორც ადამიანი, დეპუტატი, რომელიც ზრუნავს ამ ქვეყანაში ადამიანების მატერიალური დონის ამაღლებაზე; ზრუნავს იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ჰქონდეს ადამიანს სახელმწიფოსგან თავისი საქმიანობისთვის – აი აქიდან გამომდინარე თუ შევხედავთ ამ სასამართლო რეფორმას, რა თქმა უნდა, ეს არ მაკმაყოფილებს და ამიტომ ვთვლი, რომ პერსონებზე საუბარი მეორეხარისხოვანია. ანუ, ძალიან ბევრი ნიუანსია, როგორ შეიძლება მდიდარმა ადამიანმა ეს სასამართლო გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, რადგან თვითონ შეჯიბრობითობის პრინციპი, ვისაც მეტი ფული აქვს, ის უფრო პრივილეგირებულია და არა სამართლის ძებნა და სამართლის დადგენა, უკვე არასწორია; თვითონ ეს სასამართლო სისტემა, რომელიც არსებობს, რეფორმების პირველი ეტაპი იქნება, მეორე თუ მესამე, არ არის მიმართული იმ ადამიანებზე, ვისაც ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნია, რომ თავისი სიმართლე დაიცვას ამ სასამართლოში“,- აცხადებს ჭიჭინაძე.

დეპუტატის თქმით, ამ სასამართლომ და კანონებმა ქვეყანაში ის სამართალი ვერ აღადგინა, რასაც ქართული საზოგადოება ელოდა.

„ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სისტემა ძირეულად თუ არ შეიცვალა, სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ ექნება. მოკლედ, ამ სასამართლომ და ამ კანონებმა ქვეყანაში ის სამართალი ვერ აღადგინა, რასაც მოელოდა ქართული საზოგადოება. მე კოლეგების, უმრავლესობის წევრების იმედი მქონდა, რომ ისინი მაქსიმალურად შეასრულებდნენ საარჩევნო დაპირებას, სამართლიანობის აღდგენის შესახებ, მაგრამ როგორც ხედავთ ყველამ თავის ინტერესი ჩადო. დღეს კი, სწორედ ამ ინტერესების გადაკვეთაა და იმიტომ ვღებულობთ იმ სურათს რასაც ვღებულობთ.

რაც შეეხება კონკრეტულად მოსამართლეების არჩევას და მხარდაჭერას, ვთვლი, რომ უმრავლესობას უკვე გააჩნია პოზიცია. ამიტომ არ არის მათთვის ასეთ შეკრებებზე დასწრება მნიშვნელოვანი.

და ბოლოს, ჩვენ ვნახეთ ისეთი უღირსი გადაწყვეტილება, რომელიც უმრავლესობამ კოლეგის მიმართ გამოიტანა ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ უღირს მოსამართლეებს დაუჭირონ მხარი. ამიტომ ვფიქრობ, მათთვის საინტერესოც არ არის, ვინ იქნებიან კანდიდატები, რადგან მათ ნაცვლად გადაწყვეტილებებს სხვაგან იღებენ“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.