დავით ჭიჭინაძე - პრეზიდენტი ვეტოებს მიჩვეულია და იმედია, „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტსაც დაადებს
დავით ჭიჭინაძე - პრეზიდენტი ვეტოებს მიჩვეულია და იმედია, „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტსაც დაადებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ჭიჭინაძეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მაუწყებლობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

„ჩვენი პრეზიდენტი ვეტოების დადებას მიჩვეულია და იმედია, ვეტოს „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს დაადებს და შევეცდებით, ვეტო არ გადავლახოთ“, – განაცხადა ჭიჭინაძემ დარგობრივი კომიტეტის სხდომის შემდეგ, სადაც საკანონმდებლო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი არ დაუჭირეს.

დეპუტატის თქმით, კომიტეტი შეეცდება, უმრავლესობა მესამე მოსმენისთვის დაარწმუნოს, რომ ეს კანონპროექტი ამ სახით მისაღები არ არის.

„ეს პროექტი 50-60 დეპუტატს შორის განიხილებოდა. უმრავლესობა ძალიან დიდია და ამას თავისი პლუსი და მინუსი აქვს. როცა ბევრნი ვართ, კონსტიტუციის შესაცვლელად კარგია, მაგრამ როცა ინფორმაციის ბოლომდე მიტანა გინდა, ფრაქციების დაშლაც იმას ემსახურებოდა, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს. 85 დეპუტატის ერთობლივად შეკრება რთულია, როცა გინდა, რომ მათ მოსაზრება გააცნო“, – აღნიშნავს ჭიჭინაძე.

დეპუტატი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვეტოს კომერციული რეკლამის ნაწილსა და სტარტაპებზე გამოიყენებს, ამ ორ საკითხს გაიზიარებს.

რადგანაც დავით ჭიჭინაძე ცვლილებებს აკრიტიკებს, პირველი არხი დაინტერესდა, მან პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას პროექტს ხმა წინააღმდეგ რატომ არ მისცა.

„თანმდევი კანონი – შესყიდვების შესახებ იყო, რომელსაც წინააღმდეგ ხმა მხოლოდ მე და მოსიძემ მივეცით. დღის წესრიგში იმდენი საზოგადოებრივი მაუწყებელი ეწერა, ვეღარ მივხვდი, რომელი რა იყო და კენჭისყრებში მონაწილეობას საერთოდ არ ვღებულობდი, გაბრაზებული ვიყავი“, – დასძინა ჭიჭინაძემ.