დავით ჭიჭინაძე - ოპოზიციის კონსულტაციები არის ვარჯიში თავზე ლაფის დასხმაში
ეს არის ვარჯიში თავზე ლაფის დასხმაში, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ფსევდოოპოზიცია მუდმივად კულუარულ გარიგებაშია „ოცნებასთან“, – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ოპოზიციის განახლებულ კონსულტაციებს და საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენის შემთხვევაში, მხარდაჭერას არ აპირებს.
„მე არც კონსულტაციებში მიმიღია მონაწილეობა და კენჭისყრის შემთხვევაში, მხარდაჭერასაც გამოვრიცხავ, რადგან არავის აინტერესებს, როგორ დაბინავდებიან ესენი. ხალხისთვის მთავარი ხვალინდელი დღე, ეკონომიკა, საკვებია ბოლოს და ბოლოს, სადაც უვე დიდი კატასტროფის წინაშე ვართ.
ამას გარდა, პოლიტიკოსს თავმოყვარეობა უნდა გააჩნდეს. რადგან, „ქართულ ოცნებას“ როგორც კი ამოისუნთქვის საშუალება ეძლევა, იმ წუთიდანვე სათავისოდ ატრიალებს ყველაფერს. ოპოზიცია კი, კიდევ ერთხელ შევიდა მის თამაშში და შესაბამისად, კიდევ ერთხელ გადააგდებინა თავი.
პრინციპში, ეს გასაკვირიც არ არის, რადგან „ოცნებამ“ ოპოზიცია კი არა, ხალხი გადააგდო არაერთხელ. ოპოზიციამ კი, ხალხისგან არამანდატაღებული მოლაპარაკებების წარმოება გადაწყვიტა და ბუღალტერიით დაკავდა. ამიტომ, თუ შიგნით ვიღაცები კულუარულად რიგდებიან, მერე ამ გარიგებაში თავს მოტყუებულად თვლიან და თან გაიძახიან, ყველაზე დიდი ფრაქცია ჩვენ ვართო, „ქართულ ოცნებასთან“ ყველაზე დიდი მოთამაშეებიც სწორედ ეგენი არიან და იმიტომაც ტყუვდებიან ყოველთვის.
ისინი თავის დროზე მოატყუა სააკაშვილმა, შემდეგ საპრეზიდენტოზე – ივანიშვილმა, მერე ისევ სააკაშვილმა. ანუ, პოლიტიკური თამაშებით მათ პრაქტიკულად ყველაფერი წააგეს, შესაბამისად, მათთან რაიმე საერთოზე საუბარი ძალიან ცუდია, კონსულტაციები კი, ვარჯიში თავზე ლაფის დასხმაში“, – აცხადებს ჭიჭინაძე და მიიჩნევს, რომ 30 მაჟორიტარი დეპუტატი ასეთ გადიდებულ ოლქებში სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი ჩუქება და „ფორა ქართული ოცნებისთვის.“