დავით ჭიჭინაძე - მომხმარებლის ქცევის გათვალისწინებით პროგრამირების აწყობა რას ნიშნავს, პროგრამირება მე ვიცი, ადამიანს რომ აპროგრამებენ
დავით ჭიჭინაძე - მომხმარებლის ქცევის გათვალისწინებით პროგრამირების აწყობა რას ნიშნავს, პროგრამირება მე ვიცი, ადამიანს რომ აპროგრამებენ

მომხმარებლის ქცევის გათვალისწინებით პროგრამირების აწყობა, ეს რას ნიშნავს, პროგრამირება მე ვიცი, ადამიანს რომ აპროგრამებენ, – ასეთი კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ირინა ფუტკარაძეს, რომელმაც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში წარადგინა.

ირინა ფუტკარაძემ დავით ჭიჭინაძეს აუხსნა, რას გულისხმობდა მომხმარებლის ქცევის გათვალისწინებით პროგრამირების აწყობა.

„თქვენ შეიძლება ასე იცით, რომ ადამიანს აპროგრამებენ, მაგრამ გეტყვით, ეს კონკრეტულად რას ნიშნავს. 2016 წელს ჩატარდა კვლევა, ეს იყო რაოდენობრივ-თვისობრივი კვლევა, სადაც განისაზღვრა, რომელ ასაკობრივ ჯგუფს რომელი გადაცემა აინტერესებდა, რომელ საათებში უყურებდა ამა თუ იმ გადაცემას და რომელი მათგანი იყო მისთვის მნიშვნელოვანი. შემდეგ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მომხდარიყო პროგრამირება ისე, რომ გათვალისწინებულიყო ეს ქცევა, ჩვენ მიერ კვლევის შედეგად გამოკითხული მოქალაქეების ქცევა პროგრამირებაში. ანუ ზოგს მოსწონდა სპორტი, სერიალები და ასე შემდეგ“, – უპასუხა ირინა ფუტკარაძემ.

გარდა ამისა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში აცდენილია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკას.

„რასაც წერთ, ყველაფერი აცდენილია. თქვენი პოლიტიკა რაც არის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, არ არის ასახული თქვენს მიერვე გამოგზავნილ კვლევაში. შესაბამისად, თვლით თუ არა იმ ხარჯებს, რომელსაც თქვენ დღეს წევთ, რომ არაეფექტურად გამოდის, რადგან თუ თქვენ ვერ აღწევთ იმ პოლიტიკას, რაც დაგეგმილი გაქვთ. ნებისმიერ ფურცელს გადავშლი, გრაფიკს აიღებ, დახედავ და აბსოლუტურად აცილებულია იმასთან, რასაც ითვალისწინებს თქვენი პოლიტიკა. კარგია, როდესაც ამას ვწერთ. დანარჩენი რაც მოჰყვება, უნდა ეთანხმებოდეს, ხომ სწორი ვარ. კარგია, რომ ობიექტური კვლევაა გამოგზავნილი, ეს მისასალმებელია, მაგრამ შესაბამისად, პოლიტიკას აცდენილია“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის 2017 წლის ანგარიშის განხილვის შემდეგ, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი, გავიდეს თუ არა ანგარიში პლენარულ სესიაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის 2017 წლის ანგარიშის გატანას პლენარულ სესიაზე მხოლოდ დეპუტატმა რევაზ არველაძემ დაუჭირა მხარი, დანარჩენი დეპუტატები კი წინააღმდეგნი იყვნენ.