დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლების მინიჭება მის დამოუკიდებლობას შეზღუდავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლების მინიჭება შეზღუდავს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას.

„როდესაც კომერციული რეკლამა შემოდის, ეს სხვადასხვა სასპონსორო პაკეტების გაშვების საშუალებაა, რაც კონკრეტულ კომპანიებს მისცემს საშუალებას, შეზღუდონ, თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებელი, მათ მიმართ ან მათი საქმიანობის მიმართ ნეგატიური, არაპოზიტიური გადაცემების გაშვებისგან. წინა წლებში იყო ასეთი გამოცდილება, რომ სხვადასხვა ტელევიზიებში იყო სასპონსორო პაკეტები. იმ პერიოდში არ ხდებოდა ამ კომპანიების გაშუქება იმ კუთხით, რომელმაც შემდეგ საკმაოდ დააზიანა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დღეს დაზარალებულია და ქვეყნის პრობლემას წარმოადგენს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ სარეკლამო ბაზარი ისედაც მცირეა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება კი იზრდება უფრო დინამიურად, ვიდრე სარეკლამო ბაზარი.

დავით ჭიჭინაძემ კმაყოფილება გამოთქვა იმ გავლილ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც შედგა პირველი ვარიანტის შემოსვლიდან შეჯერებულ ვარიანტამდე, თუმცა აღნიშნა, რომ კიდევ რჩება ის კითხვები, რომელიც პირველი დღიდან არსებობდა.
„რჩება ის კითხვები, რომელიც პირველი დღიდან არსებობდა. განსაკუთრებით ეს არის რეკლამასთან დაკავშირებული, რადგნა 0,14% მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ეს არის საკმაოდ მზარდი თანხა, რომელთან შეფარდებით ის სარეკლამო მოთხოვნა თანხის ორი მილიონი იქნება, თუ სამი მილიონი, საკმაოდ მცირეა. თუ მომავალ წელს ჩვენი ბიუჯეტი გათვლილი არის 40 მილიარდზე, ჩათვალეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ბიუჯეტი იქნება 56 მილიონი. თითქმის ექვსი მილიონით იზრდება, ვიდრე მომავალი წლის ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე, ეს ფორმულა მიღებული იყო მაუწყებლის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად“,- აღნიშნა ჭიჭინაძემ.