დავით ჭიჭინაძე - მეხანძრეებს 55 წლის ასაკში სამსახურიდან უშვებენ და პენსიის მისაღებად ლოდინი 65 წლამდე უწევთ, რომ  სამხედრო მოსამსახურის პენსია მიიღონ
დავით ჭიჭინაძე - მეხანძრეებს 55 წლის ასაკში სამსახურიდან უშვებენ და პენსიის მისაღებად ლოდინი 65 წლამდე უწევთ, რომ სამხედრო მოსამსახურის პენსია მიიღონ

მეხანძრეებს 55 წლის ასაკში სამსახურიდან უშვებენ და 65 წლამდე უწევთ ლოდინი, რომ სამხედრო მოსამსახურის პენსია მიიღონ, – ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, იმის გამო, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2008-2019 წლებში მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში იყო, მეხანძრეებს აღნიშნული წლები სამხედრო სამსახურში არ ეთვლებათ და ვერც იმ პენსიის მიღებას ახერხებენ, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს 20-წლიანი მსახურების შემდეგ ენიშნებათ.

„2008 წლიდან სამაშველო სამსახური გადავიდა მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში, ამიტომ ისინი ჩათვალეს როგორც ჩვეულებრივი სამოქალაქო სამსახურის პირები. 2019 წლიდან ისევ დაბრუნდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში და გახდნენ ისევ ძალოვნები. აქედან გამომდინარე, მათ 55 წლის ასაკში უშვებენ პენსიაზე, რის გამოც არ უგროვდებათ ის 20-წლიანი სტაჟი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ სამხედრო მოსამსახურის პენსია 55 წლის ასაკიდან. შესაბამისად, ამ ადამიანებს 65 წლამდე უწევთ ლოდინი, რომ პენსიონერები გახდნენ. არის ერთი ძალიან ლეგიტიმური კითხვა, ეს ადამიანები როგორც 2008 წლამდე იყვნენ მეხანძრეები, ისე 2008 წლიდან 2019 წლამდე იყვნენ მაშველებიც და იყვნენ მეხანძრეებიც და მოგეხსენებათ, რა დატვირთვით მუშაობდნენ, როგორ აქრობდნენ ცეცხლს სხვადასხვა ხანძრის დროს. და ეს მათი ნამოღვაწარი რომ იტყვიან, სახელმწიფომ მოიპარა და არ უხდის პენსიებს“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი ითხოვს, რომ მეხანძრე-მაშველებს 2008-2019 წლები სამხედრო სამსახურში ჩაეთვალოთ.