დავით ჭიჭინაძე - ხელისუფლებას შეეძლო, სააკაშვილის ექსტრადირება მოეთხოვა პოროშენკოს დროს და სიამოვნებით გადმოგვცემდა 
დავით ჭიჭინაძე - ხელისუფლებას შეეძლო, სააკაშვილის ექსტრადირება მოეთხოვა პოროშენკოს დროს და სიამოვნებით გადმოგვცემდა 

საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი შეეძლო დაეყენებინა პოროშენკოს დროს და სიამოვნებით გადმოგვცემდა სააკაშვილს, – ამის შესახებ დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც დავით ჭიჭინაძემ აღნიშნა, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს არჩევნებზე გამარჯვებისთვის იყენებს და მისი ექსტრადირების სურვილი არ აქვს.

„ჩვენი ხელისუფლება რას გადაწყვეტს და გააკეთებს, ეს მათი საქმეა, ვფიქრობ, რვა წლის მერე წაუყენო ბრალდება ადამიანს ე.წ. პიჯაკების საქმეზე და არ გაგახსენდეს მისი ექსტრადირების საკითხი, ეს უბრალოდ იუმორია. იმასაც ეშინია მგონი, სულ გვემუქრება ჩამოვალო და ამათაც მგონი შიში აქვთ, რომ არ ჩამოვიდეს და ძალიან კარგ პოზიციებში იმყოფებიან, არც ამათ უნდათ მათი აქ ყოფნა და არც იმას უნდა აქ“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის საკითხს, ამაში გასაკვირი არაფერია.

„ვფიქრობ ეს მათი ურთიერთობიდან გამომდინარე არის, ზელენსკი იმ მხარეს წარმოადგენს, რომელიც დაპირისპირებული იყო პოროშენკოსთან და აღუდგინა მოქალაქეობა“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.